ავტორი სალომე უერთაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „მემკვიდრეობა და სამართლის" დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ცისფერ გალერეაში გაჩენილი ხანძრის დოკუმენტაცია წარადგინა.
როგორც მიქიაშვილი აღნიშნავს, გალერეის სარდაფში, სადაც ტრანსფორმატორი დაიწვა, განთავსებულია საცავი, სადაც ჩვენი საგანძური ინახება, ხოლო, ხანძრის ჩაქრობა მათზე დადებითად არ აისახება.
„ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ნულ სართულზე არსებულ, ცეცხლმოკიდებულ მაღალი ძაბვის ელექტრო ტრანსფორმატორს სახანძრო-სამაშველო სამსახური 4 საათი აქრობდა. ხანძრის მიზეზსა და ზარალის ოდენობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველო იკვლევს. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ქაშვეთის ეკლესიის გვერდით ეროვნული გალერეის, იგივე ცისფერი გალერეის სარდაფში, სადაც ტრანსფორმატორი დაიწვა, განთავსებულია საცავი, სადაც ინახება ჩვენი საგანძური - ფიროსმანის, დავით კაკაბაძისა და სხვათა შედევრები, ხოლო ხანძარი, ბოლი, ჭვარტლი და ხანძრის ჩაქრობისას იქ დაგროვილი სითხე მათზე დადებითად არ აისახება.
ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე პროცესებზე სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება. ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე პროცესებს გულგრილად ეკიდება მისი ზემდგომი, მაკონტროლებელი უწყება - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ეროვნული გალერეის სარდაფში გაჩენილ ხანძარს საგულდაგულოდ მალავდა თავად ეროვნული მუზეუმი. ამგვარი შეფასებების გაკეთების საფუძველს მაძლევს ჩემ მიერ სამინისტროსა და მუზეუმში ჩაბარებული განცხადებები და მათგან მიღებული არაადეკვატური პასუხები.
ერთადერთი უწყება აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ეროვნულ გალერეაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ დამალა, არ მიჩქმალა და ჩემს კითხვებზე მკაფიო პასუხი მომწერა. წარმოგიდგენთ ამონარიდს:
„ეროვნულ გალერეაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოთხოვნით პირველი შეტყობინებები ფიქსირდება 7 მარტს 0:53 წთ-ზე და 0:56 წთ-ზე... სახანძრო სამაშველო დანაყოფები ადგილზე მივიდნენ 01:07 წთ-ზე, რა დროსაც იწვოდა შენობის ნულ სართულზე მდებარე სათავსოში არსებული მაღალი ძაბვის ელექტრო ტრანსფორმატორი. სახანძრო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება განხორციელდა 01:17 წთ-ზე, ხოლო ლიკვიდირება - 04:54 წთ-ზე. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის ნულ სართულზე მდებარე სათავსოში განთავსებული მაღალი ძაბვის ელექტრო ტრანსფორმატორი." შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტს ხელს აწერს გიორგი სახოკია, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი.
მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი და ადამიანი, რომელიც თითქმის ათეული წელია სამუზეუმო სფეროში არსებულ დადებით და უარყოფით მომენტებს ვაშუქებ, ამ ეტაპზე გამოსავალს ვხედავ სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებაში, რისი განხორციელებაც დაუყოვნებილივ უნდა დაიწყოს და ამასთან, ბოლომდე უნდა მივიდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება", - აცხადებს მიქიაშვილი.