საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის გამართულ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებას დაესწრო.
„მუშტაიდის ბაღში" 42 ბავშვმა ანიმატორების მიერ მოწყობილ სპეციალურ გასართობ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. აუტისტური სპექტრის მქონე პატარებმა დისნეის მულტფილმის ცნობილ გმირებთან ერთად იმხიარულეს და სხვადასხვა ატრაქციონებზე გაერთნენ. პროკურატურის თანამშრომლები მოზარდებს გემრიელი სადილით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების დასასრულს გიორგი გოგაძემ ბავშვებს საჩუქრად შემეცნებითი ხასიათის წიგნები გადასცა და მათთან ერთად ტორტი გაჭრა.
საქართველოს პროკურატურა მხარდაჭერას უცხადებს აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს, დაიცავს მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზოგადოების ცხოვრებაში მათ თანასწორ და სრულფასოვან მონაწილეობას.