logo_geo
eng_logo
იოსებ ნონეშვილი – დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს
- +

24 აპრილი. 2017. 16:26



დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,

დიდგორით დიდი იმედიც არის...

დიდგორში მაშინ დანთებულ სანთლებს

არ ჩაქრობიათ ჯერ კიდევ ალი...

დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,

დიდგორით დიდი იმედიც არის.


...და წასალეკად ჩვენს ველს და ზეგანს

მოაწყდა მტერი მუქარით, დავით...

მაგრამ თურქ-სელჯუკ დუშმანთა ზედან

აღიღო ხმალი

მეფემან დავით.


და სცეს ნაღარას და ბარბითს რა წამს

წამოიგრაგნენ რაზმები ფიცხლად.

პირველ დავითმა ცხენ-კაცი გასჭრა

და წვერი ხმლისა უწვდინა მიწას.


გაიძგრიალა ცაში ჰოროლმა,

მოზიდეს შვილდიც,

ბოძალიც სტყორცნეს...

მეფის ნახმლევი თითო-ოროლა

ახლაც შრეებად ატყვიათ ბორცვებს.


დაზაფრეს მტერი,

თავზარი დასცეს,

დაცხრილეს ზეცა,

გატორეს ტევრი...

და თუმც სჭარბობდათ მომხდური ასჯერ,

დაცალეწეს და აოტეს მტერი...


რამეთუ დედასამშობლოს დაცვა,

რამეთუ დაცვა

მშობელი ერის,

რამეთუ დაცვა

რჯულის და ენის

ერთს აქცევს ასად...


დიდგორის ომმა მაშინ ჰყო ნათელ, -

როდია მთავარ

სიმრავლე ჯარის...

დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,

დიდგორით დიდი იმედიც არის.


დიდგორით მტერი შემდეგშიც ვმუსრეთ,

რეკდა დიდგორი „ჰკა მაგრად", „ვაშად"...

ცოტნე დადიანს ეხატა გულზე,

ხმალს უფხავებდა შამქორში ლაშქარს.


ხმა დიდგორისა

დედების ლოცვად,

ხმა დიდგორისა

მამების რისხვად

გვიხმობდა მებრძოლს,

გლეხკაცს თუ მგოსანს:

- სამშობლო ვიხსნათ!


დიდგორით მტერი შემდეგშიც ვძლიეთ,

გმირი აჩრდილი მრავალგზის ვიხმეთ...

იქნებ დიდგორიც

რუსთველის გმირებს

აღებინებდა ქაჯეთის ციხეს?!


რუხს და ბასიანს,

მარტყოფს, მარაბდას

გვედგა დავითის აჩრდილი დიდი.

ის გვამხნევებდა და გვიფარავდა

და დავითფერულს თამამად ვცდიდით.


...დრო გადის

...ჩვენს მთებს,

დიდგორის კალთებს

მთვარედ დაჰნათის დავითის ფარი...

დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,

დიდგორით დიდი იმედიც არის!



ისოებ ნონეშვილი - 1972 წელი

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner