გურიაში ძლიერი ქარით გამოწვეულ სტიქიას ებრძვიან. დაზარალდა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი. ამ დროისთვის ქალაქ ოზურგეთში გზები გაწმენდილია, ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები არ ექმნება.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან არჩილ თალაკვაძესთან, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
კახა გულედანმა გუბერნიაში შექმნილი საგანგებო შტაბისგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიიღო.
გურიის სოფლებში შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ. სტიქიის ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.
სტიქიამ ქალაქ ოზურგეთში მაღალსართულიან საცხოვრებელ და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიგალის შედეგად ერთი სახლი სრულად დაინგრა. სტიქიის გამო მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები, რომლის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.