საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის 1/2 ფინალში ქართველმა მოფარიკავეებმა რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები 45:41 დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ შეძლეს ფინალში გასვლა. ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 23-წლამდელთა გუნდის მეტოქე იტალია იქნება, ფინალური დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს. საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ფარიკაობს - მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, სადაც რუსეთთან 38:45 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.