logo_geo
eng_logo
დიტო გელოვანი: ლევანა და გოგია. უტრუხუნეც
- +

1 აპრილი. 2016. 17:42

 

ისრაც ხდებოდა წინა კვირაში - „ვერსია"


მეხუთე სადღეგრძლო ტულიოს სიმღერამ „ნეტავი ჩიტად მაქცია"-მ დაამშვენა, მეშვიდე სადღეგრძელოს წარმოთქმისთანავე სკამზე იცეკვა თვალებამღვრეულმა ანტონიომ, კბილებში დანაგაჩრილმა. ვინსენტე კი მერვედ ასე გადავიდა სასმისს - „გთხოვთ, თქვენ, ჩემო ჯულიო..." მეცხრე  სადღეგრძელოში დიდის მოწიწებით მოიხსენიეს კარრასკოთა მთელს სახელგანთქმულ გვარში გარდაცვლილთა ხსოვნა, მაგრამ დააყოლეს შეუფერებელი სიმღერა „გოგო მიდის მოხვეულში..." საყელოგაღეღილმა ვინსენტემ მეათედ ასე იყვირა:   „ააბა, ჯულიო, თქვენ ჩემო..." მეთერთმეტე - „ჯულიო, შენ ჩემო..." მეთორმეტეზედ კი, პერანგი ჭიპამდე ჩაიხსნა და, სასმისი დიდის წვალებით რომ გამოცალა, საპატიო ხელმძღვანელისაკენ ისროლა, კინაღამ თავში მოახვედრა დიდი ფიალა და შეუძახა: - ვოეე, ჯულიო, შე ჩემა!


(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი")


 „ისრაელის დაზვერვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ "თუ ბელგია გააგრძელებს შოკოლადის ჭამას, დატკბება ცხოვრებით და გამართავს აღლუმებს, როგორც დიდი ლიბერალები და დემოკრატები და არ მიაქცევენ ყურადღებას იმ მუსლიმებს, რომლებიც იქ არიან და ტერორისტული აქტების ორგანიზებას ახორციელებენ, იქამდე ამ ბრძოლაში არაფერი გამოუვათ". როგორც euronews.ge წერს, კაცმა აღნიშნული განცხადება ისრაელის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბარში გააკეთა. გარდა ისრაელ კაცისა, ბელგიის უსაფრთხოების სამსახური აშშ-ს დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, "ბელგიის უსაფრთხოების სამსახურები "ბავშვებივით გულუბრყვილოები არიან"...


იშვიათად, რომ პირდაპირ ნიუსით დავიწყო, მაგრამ გასულ კვირაში ყველანი შეგვძრა ბელგიის დედაქალაქში მომხდარმა ტერაქტებმა, მაგრამ ერთია, რომ შეგვძრა და მეორეა კითხვა - „შემდეგ?"


აი, ეს „შემდეგ" იკითხებოდა ისრაელის დაზვერვის მინისტრის, ისრაელ  კაცის სიტყვებში და ამიტომ მომეჩვენა მისი შეფასება ზემნიშვნელოვნად.


თუ ვიღაცას ავლაბრელი მარგველას მდიდარი სექსუალური წარსული ეჩვენება ზექრისტიანულად, ხომ შეიძლება, რომ მე ზემნიშვნელოვნად მომეჩვენოს განცხადება ისრაელის დაზვერვის მინისტრისა, რომელსაც ქვია ისრაელი და გვარად არის კაცი.


ერთი გენდერულად ძალიან დისბალანსირებული კომპლიმენტი მინდა ვუთხრა მაგ კაცს: კაცი ხარ კაცური!!!


გასული კვირის გენდერულად მდიდარ წარსულს კიდევ დავუბრუნდებით, რამდენიმე აბზაცში, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეაქცია, რაც ბრიუსელის ტრაგედის მოყვა ნამდვილად დაბალანსებული იყო. ერთი მხრივ - სპეცოპერაციები, დაპატიმრებები და დედის წიოკი, ხოლო მეორე მხრივ -  „შეძრული ვარ", „შოკირებული ვარ", „პარიზის ეიფელის კოშკი, ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭე, ამსტერდამის სამეფო სასახლე, მონრეალის ოლიმპიური კოშკი და დუბაიში მდებარე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი - ბურჯ-ხალიფა დღეს ბელგიის დროშის ფერებში განათდა.



ამგვარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა ბელგიელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. ანალოგიური აქცია გასული წლის ნოემბერშიც ჩატარდა, როცა პარიზში ტერაქტების სერია განხორციელდა", „მე ვარ შარლი", „გადავისხი წყალი" და ა.შ. რის კულმინაციადაც ფედერიკა მოგერინის ბრიფინგისწინა ცრემლები უნდა მივიჩნიოთ.


„ჟურნალი „საქართველოს ბუნება"... ბუნებას რად უნდა ჟურნალი? ბუნებას უნდა მგელი და ხვლიკი" - ჯერ კიდევ როდის ამბობდა ცხონებული თენგიზ ჩანტლაძე, ხოლო მე, არ ვიცი როდის ვცხონდები და, საერთოდ, ვცხონდები თუ არა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა: ტერორიზმთან ბრძოლაში ცრემლების ღვრა და შოკოლადის ჭამა სულ უკანასკნელი რამ არის. მეტი ცრემლი მეტი სისხლია, მეტი შოკოლადი - მეტი მსხვერპლი.


სრულიად გადასარევი „პური და შოკოლადი" გამახსენდა, შესანიშნავი ნინო მანფრედი, ფორთოხლებიანი სცენა რესტორანში და ფინალური სცენა ლუდხანაში, სადაც გაშვეიცარიელებული იტალიელი შვეიცარიის კარში იტალიელების მიერ გატანილ გოლს ზეიმობს.


რატომ გამახსენდა? თავადაც არ ვიცი. რას გაიგებ. ხდება ხოლმე და, მოდით, ისრაელ კაცს დავუბრუნდეთ, რომლის განცხადებაც, ჩემი აზრით, იყო სრულიად ადექვატური და დროული, თუმცა, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ მსოფლიო ენჯეოშნიკური თანამეგობრობისთვის ეს იყო არაპოლიტკორექტული, სექსისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური. ისინი, ანუ ენჯეოშნიკები, ამბობენ, რომ ადამიანის უფლებაა  ჭამონ ის, რაც უნდათ, როცა უნდათ და როგორც უნდათ და რომ ადამიანის ამ ფუნდამენტურ უფლებას ვერავინ შეეხება.


ახლავე ვიტყვი, რომ ვერაფრით შევეხები იმას, რასაც ქართველი ენჯეოშნიკები და მათთან გათანაბრებული დეფილირებული ტურები და ბუღები ყოველდღე მიირთმევენ.


"კამპანია "ეს შენ გეხება" ეხმაურება კოალიცია ქართული ოცნების წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს. თამაზ მეჭიაურმა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ", ხოლო დავით ლორთქიფანიძემ პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანს მიმართა არაეთიკური ფრაზით. კამპანია "ეს შენ გეხება" აღშფოთებას გამოთქვამს იმ განცხადებების გამო, რომლებიც გაჟღერდა აღნიშნული პირების მიერ. ეს განცხადებები არის ფაქტიურად იმ დანაშაულის ლეგიტიმაცია, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. დეპუტატები ფაქტიურად არიან იმ ქმედებების თანამონაწილენი, რომელთა მიზანს კონკრეტული პირების და საზოგადოების შანტაჟი წარმოადგენდა. ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ხედვა, ასეთი ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში", - აი, ასეთი განცხადება გააკეთეს მათ, რომლებსაც არ ეხებოდათ ის, რომ წლების განმავლობაში უკანონო თვალთვალს და მიყურადებას სრულიად კონკრეტული პირები და უწყებები ახორციელებდნენ.


ეს მათ მაშინ არ ეხებოდათ, რადგან, როგორც ამ ორიოდე წლის წინ მათმა სამიდან  (გიგაური, ლომჯარია, დედარიანი) ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა განაცხადა, უკანონო თვალთვალი და მოსმენები არ იყო პრიორიტეტული თემა, რადგან მაშინ მათ პრიორიტეტს ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენდა.


არა, რა... არმაგედონის ზანგს მართლაც რომ ვერავინ შეცვლის. შეუცვლელია.


ანუ, მიმართვა „შეყვარებულო ქალბატონო" არაეთიკურია? პირველად გავიგე. რას არ გაიგებს პირველად, პურის რიგში გარდაცვლილი თერაპევტი... რას წარმოვიდგენდი, თუ დავით ლორთქიფანიძის დაცვა მომიწევდა და იქვე თამაზ მეჭიაურსაც დავიცავდი, რადგან მეჭიაურის მოსაზრება, რომ „თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ", აბსოლუტურად ლოგიკურად მეჩვენება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წინადადებას ასე დავასრულებთ: „...თუ არსებობს იმის საშიშროება, რომ ეს ჩანაწერები, შესაძლოა, ვინმეს მხრიდან შანტაჟისთვის იქნას გამოყენებული, რადგან თანამდებობის პირის მიმართ განხორციელებული შანტაჟი არა მხოლოდ შანტაჟის ობიექტისთვის, არამედ, პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის არის საფრთხის შემცველი".


რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ოჯახის წინაშე გაქვს რამე მიქარული, დროზე წადი და სახელმწიფოს წინაშე მაინც ნუღარ მიჰქარავ.


„ვფიქრობ, რომ არც ერთი ძლიერი ადამიანი უკანონო შანტაჟს არ უნდა დანებდეს. ეს იქნება მარცხი, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დეპუტატმა თამარ კორძაიამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის იმ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებზეც მაკომპრომეტირებელი მასალები არსებობს, უნდა გადადგნენ. კორძაიას თქმით, პირიქით, გაცილებით ძლიერი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი შანტაჟის მიმართ და თუ ვიღაცას აქვს მცდელობა, ამ ფორმით მოახდინოს პროცესებზე გავლენა, რა თქმა უნდა, არავინ ამას არ უნდა დანებდეს" - თამარ კორძაიასგან მეტს არც უნდა ელოდო, მაგის ძალად ნახალოვკელი...


ისე, რატომ არ აპროტესტებენ ქართველი ენჯეოშნიკები იმას, რომ ისრაელის დაზვერვის მინისტრი, კაცი, არის კაცი? ეგ იქით იყოს. გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი. ბრიდლავი - მშვენიერი გვარია. გენერალს ამაზე ნაკლები გვარი არ უნდა  ქონდეს. ბრიდლავი - „მე მიყვარს ბრიდვა".


ზემოთ გითხარით, გენდერულ საკითხებს დავუბრუნდები-მეთქი. ვუბრუნდები და ამას ჩემი მეგობარი სააგენტოს დახმარებით გავაკეთებ:


პირველი: "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საარჩევნო სიის 50% ქალი კანდიდატებით დააკომპლექტოს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს. "საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ გამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი. ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმევა ქალების როლის ქართულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი".


მეორე: „თბილისის #186 საჯარო სკოლაში ხვალ, 14:30 საათზე, მოსწავლეთა კონკურსის - "ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეები, საქართველოს ისტორიიდან 10 გამოჩენილი ქალბატონის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ. ნაჩვენები იქნება ასევე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თემაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ამსახველი ვიდეო რგოლი. ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International-ის მიერ ხორციელდება. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით დახმარებას 480 სკოლას უწევს.


მეორეს შესახებ: ასე უცებ საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, მარო მაყაშვილი და ნონა გაფრინდაშვილი მახსენდება, ხოლო ამერიკის იტორიიდან - მადლენ ოლბრაიტი, კონდოლიზა რაისი, ჰილარი ქლინთონი და მონიკა ლევინსკი. ისადა... ხომ ვერ მეტყვით, რამდენი ქალბატონია ამერიკის სენატში და რამდენი - ბრიტანეთის ლორდთა პალატაში?


პირველის შესახებ: მეგი გოცირიძე და ხათუნა გოგორიშვილი რომელ ორმოცდაათ პროცენტში იქნებიან?


შეიძლება ითქვას, რომ ბაგა-ბაღების დირექტორებთან თან დაკავშირებით ამტყდარმა ვნებათაღელვამ (სექსისტური სიტყვაა) გვაჩვენა, რომ გენდერული ბალანსის საკითხი ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას, ასევე მწვავეა ნეპოტიზმის პრობლემა. თავად განსაჯეთ: 90-ე ბაღი ლელა გოგორიშვილი - ხათუნა გოგორიშვილის და; 91-ე ბაღი ლალი ნაფეტვარიძე - დიდუბის რაიონის ნაც. მოძრაობის თავჯდომარის ლევან ტალახაძის დედა; ე-19 ბაღი ირმა გიორგაძე - მერიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის და; მე-6 ბაღი - თამარ ბაქრაძე, დავით ბაქრაძის ბიძაშვილი.


85-ე ბაღი - ინგა გუგავა-უდესიანი - გია უდესიანის და; 36-ე ბაღი - ელზა უდესიანი, გია უდესიანის და; 155-ე ბაგა-ბაღი ნაირა ბახია - თბილისის ყოფილი ვიცე მერის გიორგი მელაძის ნათესავი; მე-2 ბაღი - ანა გეგია, იმერეთის ყოფილი გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას კლასელი, რომელიც მასთან სტაჟიორად მუშაობდა; 153-ე ბაღი - ლია გასიტაშვილი, დავით კირკიტაძის ნათესავი; 23-ე ბაღი - დირექტორის მოადგილე მაია ბობოხიძე, აკაკი ბობოხიძის და; მე-6 ბაღის დირექტორის თამუნა ბაქრაძის ქმარი არის დათო კიზირია, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი უკრაინაში...


როგორც ხედავთ, ბაგა-ბაღების დირექტორებად მხოლოდ ქალბატონები მუშაობენ, თან სულ ნაცების დედები, დები და ცოლები? რა, ლეიბორისტებს დედები არ ყავთ?


იმავე ოპერიდან: "ნაციონალური მოძრაობა" ახალ, გამოცდილ ადამიანებს ეძებს და ჩვენი კარი ღიაა ქალისთვისაც და კაცისთვისაც, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის რჩევის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც პარტიას მოუწოდებს, საარჩევნო სიის 50% ქალებით დააკომპლექტოს.



„უნდა იცოდეს ყველამ - ქალმაც და კაცმაც, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ჩაკეტილი ორგანიზაცია, რაღაც სექტა, რომელში შესვლა არავის შეუძლია. პირიქით, ჩვენ ვეძებთ ახალ სახეებს, გამოცდილ ადამიანებს, რომელიც თავისი ყოფნით "ნაციონალურ მოძრაობას" დამატებით იმპულსს მისცემს, რომ ქვეყანაში საქმე წავიდეს წინ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ასეთი ადამიანები საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთონ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მიხეილ მაჭავარიანმა".


გამოცდილება გვჩვენებს, რომ ნაციონალები კი ეძებენ სახეებს, მაგრამ, როგორც წესი, საბოლოოდ, სულ სხვა ორგანოებს პოულობენ ხოლმე, ახლა აღარ ჩამოვთვლი, თუ რომელ ორგანოებს პოულობენ, ისედაც ყველამ ვიცით, რომ ზოგი „ტ"-ზე იწყება და ზოგიც - „პ"-ზე.


„საჭიროა სპეცსამსახურების თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა გაიცვალოს ინფორმაცია იმ ინდივიდებზე, რომლებიც საზღვარს კვეთენ. რისკ-ჯგუფების გამოვლენით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ის მყისიერი საფრთხე, რაც ასეთი ტიპის ტერორისტულ აქტებს შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, ჩემი აზრით, დღევანდელი ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველო არ არის ISIS-ის მთავარი მიზანი. პირველადი, მყისიერი საფრთხეების სიაში საქართველო არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა არ უნდა დაიწყონ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ასეთი რამე მომავალში გამოირიცხოს", - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის (კეზერაშვილის) ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია.


კომპეტენტური, რესპექტაბელური განცხადებაა, გაჯერებული ისეთი სიტყვებით, როგორებიცაა „პარტნიორი", „რისკ-ჯგუფი", „მყისიერი საფრთხე", „დღევანდელი ანალიზი"... იგრძნობა განათლება, ფიქრი და დღევანდელი ანალიზი. თუმცა, დღევანდელი ანალიზი - დღევანდელი ანალიზია, მაგრამ ნურც გუშინდელს დავივიწყებთ, კერძოდ იმას, რომ აგვისტოს ომის დროს, იმ დღეებში, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, არ მახსოვს - რომელი, კოჯორსა და ტაბახმელაში მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული: ნოტარიუსი, რეესტრი, აზომვა, გაზომვა, მოზომვა, დოლარები...


ახლა, მე თქვენ გეკითხებით, რომელი ორგანოა ის პიროვნება? პირია, სახეა თუ სხვა რამ?


მაგაშია საქმე!


რავი... მე ასე მესმის, მაგრამ მე მკვდარი თერაპევტი ვარ და ჭკუა არ მომეკითხება. ჭკუა მოეკითხებათ ცოცხალ ჟურნალისტებს. მაგალითად იმათ, რომელთათვისაც ნაუმანის ფონდმა ჯიბეზე ხელი გაიკარა და მივიღეთ ეს: „ქალაქ გორში "თანამედროვე ჟურნალისტიკის პროგრამის პროექტის" პირველი ეტაპი გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრიდან" აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მოქმედი/დამწყები ჟურნალისტები რუსთავიდან, ბოლნისიდან და გორიდან. მონაწილეებმა ტრენინგის ფარგლებში მოისმინეს სამართლებრივი ტერმინოლოგიის შესწავლა, პრესრელიზისა და ანონსის მომზადების სპეციფიკა ჟურნალისტებისათვის. შემდეგი ტრენინგები გორში 26/27 მარტს ლიბერალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ინტერვიუს აღება-მომზადების სპეციფიკაში ჩატარდებ. მონაწილე ჟურნალისტებს ტრენინგების დასრულების შემდეგ საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ სერტიფიკატები".


მოქმედი/დამწყები ჟურნალისტი, რომელმაც არ იცის სამართლებრივი ტერმინოლოგია, პრესრელიზისა და ანონსის მომზადება და არც ინტერვიუს აღება-მომზადება იცის, მაგრამ ამ ყველაფერს ორ დღეში შეასწავლიან და სერთიფიკატებს საზეიმო ვითარებაში მიიღებს... ოთხ წელიწადში ვერ ისწავლა და ორ დღეში ისწავლის? ვერ ისწავლის. მაგრამ მაგ ამბავში მთავარი ეს არის - ლიბერალიზმის ფუნდამენტურ პრინციპების შესწავლა. და, საბოლოოდ, მივიღებთ რამდენიმე სერტიფიცირებულ უვიცს, თავხედს და  დებილს, რომელსაც არც ერთი ნორმალური რედაქცია არ გააჭაჭანებს, მაგრამ გააჭაჭანებენ სახელმწიფო უწყებებისა თუ კერძო კომპანიების პრეს-სამსახურები.


ენჯეოშნიკები-მეთქი, ენჯეოშნიკები!!!


სწორედ მაგ ენჯეოშნიკობამ მოიტანა ეს სათაურები: „ამირან გიგუაშვილი თავისუფალ დემოკრატებს შეუერთდა", „არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" წარმომადგენელი ვასო ურუშაძე მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრების, წინააღმდეგ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას გეგმავს", „სოფო ვერძეული - საბჭოს არ ქონდა სამართლებრივი მექანიზმი, რომ მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან ამ პროცედურით გაეთავისუფლებინა", „შარდენის ქუჩაზე "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია, სახელწოდებით, "ნუ მაბოლებ!" გაიმართა...


ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ ვის აბოლებს.


"ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რაც შეიძლება სწრაფად გადადგან ნაბიჯები და რეალურად გაათავისუფლონ ყველა შენობა-ნაგებობა თამბაქოს კვამლისაგან. მათ შორის რესტორნები და ბარები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - განაცხადა ბახტურიძემ. მისი თქმით, ბოლო წლებში ჩატარებული 4 კვლევის მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ შენობებში და სამუშაო ადგილებში მოწევის აკრძალვას".


მაშ, 80 პროცენტიო, არა? თქვენ უმრავლესობა ხართ და მე უმცირესობა, ხომ?


ჩემი აზრით, ენჯეოშნიკების 80% არის ხელმოცარული სპერმატოზოიდი, რადგან კვერცხუჯრედამდე ვერ მიაღწიეს. დანარჩენი 20 პროცენტი წარმატებული სპერმატოზოიდია. მათ კვერცხუჯრედამდე მიაღწიეს და იქ, კვერცხუჯრედშივე, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.


იმათ ანონსის წერის სპეციფიკა არ იციან, ამათ - კვლევების ჩატარების  სპეციფიკა. ელემენტარულ არითმეტიკაში კი, ყველა  ენჯეოშნიკი იჭრება.


„არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" წარმომადგენელი ვასო ურუშაძე მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას გეგმავს. როგორც ურუშაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები ქმნის საცობებს, უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ წარმოადგენს საფრთხეს და არის ცუდი. ურუშაძის თქმით, ათასობით ადამიანი მხოლოდ მათი ამ განცხადებების გამო გაკოტრდა და მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანით დაკავებულ პირებს მომხმარებლებთან სასამართლოებში აქვთ დავა" - ეს ის ნიუსია, ზემოთ რომ სათაური იყო.


ამ ნიუსსს დავასრულებ და დავაზუსტებ: ათასობით ადამიანი მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთში გაკოტრდა, თორემ გაკოტრებულთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ათეულ მილიონს აღემატება, რასაც ოთხი კვლევის მონაცემები ადასტურებს.


და, ეს რაღას ადასტურებს? - "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს ღია კარის მტვრევად და რესურსების ხარჯვად აფასებს. როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, თავისუფალ კენჭისყრაზე აღნიშნულ პროექტს მხარი ოთხმა "რესპუბლიკელმა" დაუჭირა. "მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, არანაირი პრობლემა ჩვენ ამასთან არ გვაქვს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ამას ოთხმა "რესპუბლიკელმა" მხარი დაუჭირა, დანარჩენებმა - არა. ეს თავისუფალი კენჭისყრა იყო", - განაცხადა ბერძენიშვილმა. ლევან ბერძენიშვილი აღნიშნულს ღია კარის მტვრევად და რესურსების, მათ შორის, დროის ხარჯვად აფასებს. "მაგრამ თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ საზოგადოების წინაშე ასეთი საუბრებით უნდა წარსდგეს, წარვდგეთ და ვუმტკიცოთ, რომ 2-ჯერ 2 ოთხია, რომ 4-ჯერ 2 არის რვა, ოჯახი არის კაცი და ქალი, ბებია არის დედის ან მამის დედა და ა.შ.", - განაცხადა ბერძენიშვილმა".


ეს ადასტურებს იმას, რომ არა მხოლოდ გოგი თოფაძეს, არამედ ლევან ბერძენიშვილსაც ჭირდება ალიკაპი.


ღია კარის მტვრევაო.


რავი... ამდენი წელია გვესმის, საქართველოსთვის ნატოს კარი ღიააო...


ე.წ. (ეჰ, წავედი) ხოლო როცა რომელიღაც პატივცემულ ლამაზ-ქალაქელს მარადუბერებელმა ქალბატონმა ჰიკთხა: „არაფერი გადაგიღიათ... მშიერი დარჩით, არა?" იმან ზეზრდილობიანი აღშფოთებით პასუხის გაცემა სცადა, რაც სიტყვებით ასე გამოიხატა: „როგორ გეკადრებათ, ჰიკ! როგორ არ გადავიღე, რას მიჰქარავთ, ქალბატონო..."


(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი")


წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner