პროკურატურა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებისთვის, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულებს მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხირკვიას ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე მ.ღ.-ს და ი.ჩ.-ს მიერ, სხვადასხვა დროს, განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რა დროსაც ხელკეტების, ქვების და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებით ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეჭრას. თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ქ.ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება. პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.