გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 45-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმო 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მაცხოვრებლების არჩიკო და პაატა როგავების უკანონო დაკავების ფაქტი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მონაწილეებთან მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული, რომ აღნიშნული პირების დაკავება და მათთვის ე.წ. წინასწარი ორთვიანი "პატიმრობის" შეფარდება უკანონოა და აუცილებელია მათი გათავისუფლება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზთან არსებული სასოფლო სამეურნეო სავარგულების უსაფრთხოდ დამუშავების საკითხს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა 2017 წლის 31 მაისს გაიმართება.