პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 2 წლით გახანგრძლივდა 2008 წლამდე დაწყებული მშენებლობებისთვის შეღავათები.
„თქვენ მოგეხსენებათ, რომ პირველი გადაწყვეტილება მივიღეთ 2015 წელს. დღეის მდგომარეობით, განახლდა 25 ობიექტის მშენებლობა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება აღემატება 130 მილიონ ლარს. ეს ობიექტები 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. შესაბამისად, მობინადრეები მიიღებენ საკუთარ საცხოვრებელ ფართს. ახალი ცვლილებით კი, მოსალოდნელია დამატებით 37 მშენებლობის დასრულება, რომელთა საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 200 მლნ ლარია. ჩვენ თითოეულ კონკრეტულ პროექტს განვიხილავთ და წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთაწმინდის პარკში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტის პრეზენტაციისას.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრების საბოლოო ვადად 2019 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება.