პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შექმნიდან 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ისაუბრა კანონმდებლობაში დაგეგმილ ახალ ცვლილებებზე, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და გაძლიერებაზე.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა, ასევე, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება.
„ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს და ხელი შეეწყოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა მან.
კიდევ ერთი სიახლე - ახალი საკანონმდებლო პაკეტით, უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების 1-წლიანი გადანაწილების შესაძლებლობა 5 000-დან 50 000 ლარამდე იზრდება.
„მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას: 2010-2012 წლებში სულ 150-მდე კომპანიას გაუფორმდა საგადასახადო გრაფიკი და შეთანხმება, მაშინ როდესაც 2013-2016 წლებში, გადასახადო შეთანხმება გაუფორმდა 4900-ზე მეტ კომპანიას. თუ პირველ შემთხვევაში თანხა მხოლოდ 10 მილიონს აღწევდა, მეორე შემთხევაში მისი მოცულობა უკვე 209 მილიონია", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ კომპანიებს მიეცეს შესაძლებლობა, გააჯანსაღონ ბიზნესი, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და გადაიხადონ გადასახადები.
„5 000 ლარამდე ზღვარის შემთხვევაში, აღნიშნული შესაძლებლობით, პრაქტიკულად, 3000-მდე წვრილმა მეწარმემ ისარგებლა. შესაბამისად, ვთვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, უკეთესად შეასრულოს ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
წარმოდგენილი ცვლილებებით, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების დაფარვის გრაფიკის შედგენით.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე, მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 2 წლით გახანგრძლივდა 2008 წლამდე დაწყებული მშენებლობებისთვის შეღავათები.
„თქვენ მოგეხსენებათ, რომ პირველი გადაწყვეტილება მივიღეთ 2015 წელს. დღეის მდგომარეობით, განახლდა 25 ობიექტის მშენებლობა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება აღემატება 130 მილიონ ლარს. ეს ობიექტები 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. შესაბამისად, მობინადრეები მიიღებენ საკუთარ საცხოვრებელ ფართს. ახალი ცვლილებით კი, მოსალოდნელია დამატებით 37 მშენებლობის დასრულება, რომელთა საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 200 მლნ ლარია. ჩვენ თითოეულ კონკრეტულ პროექტს განვიხილავთ და წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრების საბოლოო ვადად 2019 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება.
კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, ხდება ენერგოეფექტურობის წახალისება. საქართველოს მცხოვრებლებს შეეძლებათ, დაამონტაჟონ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოონ ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში ჩაერთონ ელექტროსისტემაში. ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიით მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „ცვლილება საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას გაააქტიურებს და სტიმულს მისცემს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამოყენებას".
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე.
„ამ საკითხზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით. მნიშვნელოვანია როგორც ლუდის, ისე სპირტიანი სასმელების დაბეგვრა. აღნიშნული ნაბიჯით, ამ შემოთავაზებით ჩვენ, პრაქტიკულად, ვუახლოვდებით ევროკავშირის კანონმდებლობას და შესაბამისად, ჩვენ წარმოებას ვაძლევთ შესაძლებლობას, რათა განვითარდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სპირტიანი სასმელების აქციზით დაბეგვრა განხორციელდება მასში ალკოჰოლის შემცველობიდან გამომდინარე - ლუდის შემთხვევაში, ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო ეთილის სპირტის შემცველ საქონელზე - სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით.
სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის როლს ქვეყნის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია აღნიშნული სამსახურის ჩართულობა ორი ძირითადი: ეკონომიკური რეფორმებისა და ღია მმართველობის მიმართულებით.
„მოგების გადასახადის წარმატებული რეფორმა დამოკიდებულია მის იმპლემენტაციაზე. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ შემოსავლების სამსახურმა ძალიან ბევრი შეხვედრა გამართა და საბოლოო ჯამში, მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა. პრაქტიკულად, რეფორმა ადმინისტრირების ნაწილში წარმატებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ კანონმდებლობაში შევიტანთ გარკვეულ ცვლილებებს იმისათვის, რომ ბიზნესს უკეთესად მოვერგოთ. თუმცა, დღეს, ჩვენ პრაქტიკულად სრულად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ რეფორმა სწორადაა გაგებული ბიზნესის მხრიდან", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმა 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსს გაუჩენს ბიზნესს გაფართოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მეტი ინვესტიციების განხორციელებისთვის.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და გაძლიერებაზე, რამაც ქვეყანაში ბიზნესის კეთდება უფრო მიმზიდველი უნდა გახადოს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.