საპარლამენტო უმრავლესობა ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს ეხმაურება.
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებში მას ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.
„ეს პიროვნება მე პირადად მახსოვს აგრესიული განცხადებებით სატელევიზიო ეთერიდან. რაც შეეხება საქმის მასალებს, ვერ გეტყვით, რა არის საქმის მასალებში, მაგრამ გამოძიებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა. ეს მაფიქრებინებს, რომ ამ ეტაპზე არის საკმარისი მასალები იმისათვის, რომ ეს ადამიანი იყოს წინასწარ პატიმრობაში“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიებამ ბრალი 12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზების გამო წაუყენა. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არცერთი ბრალდებული არ აღიარებს.