საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიმდინარე წლის 14 თებერვლის განჩინება. შედეგად, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმე გადაიხედება. ხელახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებები ამტკიცებს თემურ ბასილიას უდანაშაულობას. უზენაესი სასამართლოს განჩინების შემდგომ თემურ ბასილიას საქმე არსებითი განხილვისთვის უკვე დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
for.ge თემურ ბასილიას ესაუბრა.
- ბატონო თემურ, რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტი?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველოს პროკურატურამ, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უდიდესი სამუშაო გასწიეს ჩემი საქმის ხელახალი შესწავლის დროს - დაჰკითხეს ოცზე მეტი მოწმე, მოიძიეს ახალი მასალები, მტკიცებულებები და დაადგინეს, რომ არ დამირღვევია კანონი, როგორც ამას დაუსაბუთებლად და უკანონოდ აცხადებდა სააკაშვილის რეჟიმის პროკურატურა და სასამართლო. მათ ასევე, დაადგინეს, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩემს მიმართ ხდებოდა უკანონო დევნა, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ დაასრულა მუშაობა ჩემს საქმეზე, გადასცა იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. სრულიად მოულოდნელად, სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა ჩემი საქმის განხილვაზე იმ მოტივით, რომ თითქოს, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ამის გამო, თითქოს, სამართალწარმოების პროცესი არ არის დასრულებული.
საქართველოს პროკურატურის საკასაციო საჩივარში დეტალურად არის ახსნილი ამ მიდგომის სიმცდარე და ამიტომაც, ამ თემაზე არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, მხოლოდ, მოკლედ აღვნიშნავ ერთ საინტერესო დეტალს, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს სააპელაციო სასამართლოში არც კი განუხილავთ, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი მათი გადაწყვეტილების აღსრულება.
- რას გულისხმობთ?
- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე უნდა ჩამოვსულიყავი საქართველოში, სადაც დამაპატიმრებდნენ, ჩამსვამდნენ ციხეში და დავიწყებდი სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი უკანონო სასჯელის მოხდას. მხოლოდ ამის შემდეგ მომეცემოდა უფლება, გამესაჩივრებინა ეს უკანონო განაჩენი. არ ვიცი, ვინმე დათანხმდებოდა თუ არა ამას, მაგრამ დავუშვათ, დავთანხმებულიყავი - საქმე ისაა, რომ ჩემს ქართულ პასპორტს მოქმედების ვადა გაუვიდა 2009 წელს და ახალ ქართულ პასპორტს არ მაძლევენ, რადგან სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს ჩემზე გამოტანილი აქვს უკანონო განაჩენი. ჩემს ამერიკულ საბუთებში კი, გარკვევით წერია, რომ გახლავართ საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური დევნილი, ანუ არ მაქვს საქართველოში შემოსვლის უფლება.
აქედან გამომდინარე, საქართველოში რომ მოვდიოდე, ავიაკომპანიები თვითმფრინავში ასვლის უფლებასაც კი არ მომცემენ და ბუნებრივია, ლეგალური გზით საქართველოში ვერ მოვხვდები.
როგორც ვხედავთ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ჯადოსნური წრე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ გამოტანილი უკანონო განაჩენი შეიძლება გადაიხედოს მხოლოდ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ხოლო საქართველოში ვერ ჩამოვალ, რადგან ჩემზე არსებობს სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს უკანონო განაჩენი, რის გამოც პასპორტს არ მაძლევენ.
ეს პარადოქსალური სიტუაცია, ისევ საქართველოს პროკურატურის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ძალისხმევით დაიძლია. მათ ამჯერადაც სწრაფად და კვალიფიციურად იმოქმედეს - საკმაოდ მაღალ დონეზე მოამზადეს საკასაციო საჩივარი, რომელიც განმტკიცებული იყო სერიოზული არგუმენტებით და უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ უზენაესმა სასამართლომაც სწრაფად განიხილა ეს საჩივარი და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც ძლიერ არგუმენტებს ემყარებოდა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და უკან დაუბრუნა მათ ჩემი საქმე განსახილველად.
ახლა, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს ჩემი საქმის განსახილველად დაშვების საკითხი და შემდეგ, არსებითად განიხილოს იგი, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. იმედია, სააპელაციო სასამართლო არ გააჭიანურებს ჩემი საქმის გადახედვას, მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომლითაც შეწყდება სააკაშვილის რეჟიმის დროს დაწყებული ჩემი პოლიტიკური მოტივით დევნა და მომეცემა საქართველოში ჩამოსვლის უფლება.
- სააპელაციო სასამართლოში ამჟამად იხილება მსგავსი საქმეები, რომლებზეც საქართველოს პროკურატურამ თებერვალში დაასრულა მუშაობა და გადასცა მათ განსახილველად, თქვენს საქმეზე მუშაობა პროკურატურამ ინავარში დაასრულა და გადასცა სასამართლოს, მაგრამ სასამართლო განხილვა არ ჩანიშნულა. რატომ გაჭიანურდა თქვენი საქმის განხილვა?
- ჩემი წუხილი იმაში მდგომარეობს, რომ არა სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გააუქმა უზენაესმა სასამართლომ, ჩემი საქმის არსებითი განხილვა უკვე დაწყებული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამის გამო უკვე თითქმის სამი თვე დაიკარგა. შეიძლება ვინმესთვის სამი თვე არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემთვის, ვინც თითქმის 13 წელიწადია არ ყოფილა თავის სამშობლოში პოლიტიკური დევნის გამო, ძალიან ბევრს ნიშნავს.
სამწუხაროდ, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებში კვლავ მუშაობს ის ხალხი, ვინც სააკაშვილის რეჟიმის დაკვეთებს ასრულებდა, პოლიტიკური და სხვა მოტივით სდევნიდა ადამიანებს, „კერავდა" მათ წინააღმდეგ საქმეებს, გამოჰქონდათ უკანონო განაჩენი და ა.შ. ბუნებრივია, ეს ხალხი ცდილობს ხელი შეუშალოს პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საქმეების გადახედვას. მაგალითად, ის პროკურორი, ვინც სააკაშვილის რეჟიმის დროს, იმდროინდელი ხელისუფლების დავალებით ჩემს წინააღმდეგ ეს საქმე „შეკერა", რამდენიმე თვის წინ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არცთუ იშვიათია.
- ასეთ შემთხვევში, გაქვთ იმის მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვას არ გააჭიანურებს და განაჩენის გადახედვა სხვადასხვა მოტივით არ გახანგრძლივდება?
- ჩემთვის ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, მით უმეტეს, სააპელაციო სასამართლოს ერთი თვის წინანდელი გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. აქ, ასევე ვგულისხმობ ჩემს ამერიკელ მეგობრებს, კოლეგებს, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში, კვლევით ცენტრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობს. სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ბევრ მათგანს გაუჩინა კითხვა, რამდენად აქვს უნარი ქართულ სასამართლოს, მიუკერძოებლად და სამართლიანად განიხილოს პოლიტიკურად მგრძნობიარე და საზოგადოების მაღალი ინტერესების მქონე საქმეები.
ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო და დაუფიქრებელი, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილებები, რაც სამწუხაროდ ხდება ხოლმე, ჩრდილს აყენებს ამ პროცესს. იმედია, სააპელაციო სასამართლო აღარ დააყენებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში საფრთხის წინაშე ქართული სასამართლოს რეპუტაციას და შეძლებს დროულად და კვალიფიციურად განიხილოს ჩემი საქმე და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რითაც შეწყდება სააკაშვილის რეჟიმის დროს დაწყებული ჩემი პოლიტიკური დევნა და მომეცემა უფლება ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში.
- როგორია პოლიტიკური დევნილის სტატუსის მატარებელი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება?
- სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩემი და ჩემი ოჯახის პოლიტიკური მოტივით დევნის, მათ შორის, იმდროინდელი პროკურატურის მიერ „შეკერილი" სისხლის სამართლის საქმის და სასამართლოს მიერ უკანონო განაჩენის გამო, აშშ-ის ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. იმისათვის, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ პიროვნებას მიანიჭოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მის მიმართ უნდა არსებობდეს დევნის დასაბუთებული პოლიტიკური მოტივი და ამ პიროვნებას არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის სასამართლოს უკვე ჰქონდა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ჩემზე და გამოცხადებული იყო ძებნა, მათ შორის ინტერპოლის წითელი ცირკულარით, აშშ-ის ხელისუფლებამ მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რადგან სახეზე იყო როგორც დევნის პოლიტიკური მოტივი, ასევე - მტკიცებულებები, რომ არ ჩამიდენია რაიმე დანაშაული. ყველა საპროცესო დოკუმენტი (მათ შორის, სააკაშვილის პროკურატურის დადგენილება და სასამართლოს განაჩენი) მე თავად მივაწოდე აშშ-ის ხელისუფლებას, რომელმაც დეტალურად შეისწავლა ისინი და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ყოველდღიურ ცხოვრებას, ვცხოვრობ ისე, როგორც სხვა პირველი თაობის ემიგრანტი. ასეთი კი, საკმაოდ ბევრია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
- იძულებული გახდით, წასულიყავით ქვეყნიდან. რა არის თქვენი სატკივარი საქართველოსთან მიმართებაში?
- სამწუხაროდ, მალე 13 წელიწადი გახდება რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. ეს საკმაოდ დიდი დროა და ალბათ, ბევრი რამ შეიცვალა ჩემს სამშობლოში. ბუნებრივია, მაინტერესებს ამ ცვლილებების ნახვა. ასევე, მაინტერესებს, შევხვდე ჩემს მეგობრებს და ახლობლებს, ვინც ამ წლების მანძილზე არ მინახავს და გვერდში მედგნენ. ყველაზე მთავარი, რაც მოხდა, მაინც სააკაშვილის და მისი თანამზრახველების ხელისუფლებიდან ჩამოცილება იყო.
მესმის, შესაძლოა, ყველაფერი ისე სწრაფად არ უმჯობესდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდიოდეს, სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო ყალიბდებოდეს, ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდებოდეს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯები იდგმებოდეს. ამერიკიდან ისე ჩანს, რომ ქვეყანა მართლაც ამ მიმართულებით მიდის, თუმცა, სასურველია ბევრი რამის დაჩქარება. ამ პროცესში კი, ქართველ ემიგრანტებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ.
ბევრი ქართველი საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, აშშ-ში ბევრი ქართველია, რომლებიც მუშაობენ დიდ და ცნობილ კომპანიებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ზოგიერთ მათგანს აქვს საკუთარი ბიზნესი. სწორედ ეს არის ხალხი, ვისაც შეუძლია უცხოელი ინვესტორები დააინტერესონ საქართველოთი, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
ასევე, ბევრი ქართველია, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს მიღებული, ანუ, ვისაც შეუძლია საკუთარი ხმა მიაწვდინოს სენატში, კონგრესში... მოკლედ, ქართველ ემიგრანტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში და სასურველია, ხელისუფლებამ უფრო აქტიურად გამოიყენოს ისინი ქვეყნის ინტერესებისთვის.
- ბატონო თემურ, ვინ იყო დაინტერესებული, რომ თქვენ მიმართ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე?
- ჩემ წინააღმდეგ დევნით დაინტერესებული იყო პირადად მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესო გარემოცვა. ვისაც ახსოვს დაახლოებით 20 წლის წინანდელი მოვლენები, ასევე ემახსოვრება, რომ ჩემსა და მათ შორის პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყო ე.წ. „ვარდების რევოლუციამდე" გაცილებით ადრე. ამის თაობაზე არაერთხელ ყოფილა ინფორმაციები ქართულ მედიაში. ჩემი მოქმედებებით არაერთხელ შევუშალე მათ ხელი უკანონო საქმიანობაში.
ამიტომ, სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირადად ცდილობდა ჩემი რეპუტაციის შელახვას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. საერთაშორისო თანამეგობრობას ჩემს მიმართ ჰქონდა და დღესაც აქვს საკმაო პატივისცემა და მაღალი ნდობა. ჩემი მთავრობიდან წასვლის შემდეგაც არაერთი პირი მიკავშირდებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აინტერესებდა ჩემი აზრი. ეს კი, საკმაოდ არაკომფორტულ სიტუაციას უქმნიდა მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს. ამიტომაც, ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის საქმით სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში ეჭვის ქვეშ დაეყენებინა ჩემი რეპუტაცია და ჩემი კრიტიკული შეფასებები მათი ხელისუფლების მიმართ.
რაც შეეხება ჩემს პოლიტიკური მოტივით დევნას, იგი დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი დავალებით, როდესაც 2005 წლის 17 ივლისს ბათუმში ჩატარებულ სამთავრობო სხდომაზე მან საჯაროდ დაავალა სამართალდამცავ ორგანოებს საქართველოში ჩემი ჩამოყვანა და სამაგალითოდ დასჯა. მომდევნო წლებშიც, თავის არაერთ საჯარო გამოსვლაში, სააკაშვილი კვლავ აგრძელებდა ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, დისკრედიტაციას და ცილისწამებას. ასე რომ, ჩემი პოლიტიკური დევნა ხდებოდა პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით. ეს არის დადასტურებული ფაქტი და ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს.