logo_geo
eng_logo
თემურ ბასილია: ჩემი პოლიტიკური დევნა ხდებოდა პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით...
- +

26 აპრილი. 2017. 15:19



 

„ჩემი პოლიტიკური მოტივით დევნა პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი დავალებით დაიწყო", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილმა თანაშემწემ თემურ ბასილიამ „for.ge"-ს განუცხადა და იმ ადამიანებზე ისაუბრა, ვინც მისი დაკავებით იყო დაინტერესებული.


„ჩემ წინააღმდეგ დევნით დაინტერესებული იყო პირადად მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. ვისაც ახსოვს დაახლოებით 20 წლის წინანდელი მოვლენები, ასევე ემახსოვრება, რომ ჩემსა და მათ შორის პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყო ე.წ. „ვარდების რევოლუციამდე" გაცილებით ადრე. ამის თაობაზე არაერთხელ ყოფილა ინფორმაციები ქართულ მედიაში. ჩემი მოქმედებებით არაერთხელ შევუშალე მათ ხელი უკანონო საქმიანობაში.

 

ამიტომ, სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირადად ცდილობდა ჩემი რეპუტაციის შელახვას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. საერთაშორისო თანამეგობრობას ჩემს მიმართ ჰქონდა და დღესაც აქვს საკმაო პატივისცემა და მაღალი ნდობა. ჩემი მთავრობიდან წასვლის შემდეგაც არაერთი პირი მიკავშირდებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აინტერესებდა ჩემი აზრი. ეს კი, საკმაოდ არაკომფორტულ სიტუაციას უქმნიდა მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს. ამიტომაც, ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის საქმით სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში ეჭვის ქვეშ დაეყენებინა ჩემი რეპუტაცია და ჩემი კრიტიკული შეფასებები მათი ხელისუფლების მიმართ.

 

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკური მოტივით დევნას, იგი დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი დავალებით, როდესაც 2005 წლის 17 ივლისს ბათუმში ჩატარებულ სამთავრობო სხდომაზე მან საჯაროდ დაავალა სამართალდამცავ ორგანოებს საქართველოში ჩემი ჩამოყვანა და სამაგალითოდ დასჯა. მომდევნო წლებშიც, თავის არაერთ საჯარო გამოსვლაში, სააკაშვილი კვლავ აგრძელებდა ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, დისკრედიტაციას და ცილისწამებას. ასე რომ, ჩემი პოლიტიკური დევნა ხდებოდა პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით. ეს არის დადასტურებული ფაქტი და ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს", - ამბობს ბასილია. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner