logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტმა მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო
- +

26 აპრილი. 2017. 18:56



ევროპარლამენტმა „ეროვნული ფრონტის" ლიდერ მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო.


ფრანგმა გამომძიებლებმა მარინ ლე პენისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დააყენეს, რაც ლე პენმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოცხადებას, ვინაიდან საპარლამენტო იმუნიტეტითაა დაცული.


ფრანგული მედიის ინფორმაციით, 29 და 30 მარტს, გამომძიებლებმა ევროპარლამენტში მოთხოვნა გააგზავნეს მარინ ლე პენსა და მარი-კრისტინ ბუტონესთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.


მარინ ლე პენი და მარი-კრისტინ ბუტონე ეჭვმიტანილნი არიან ფიქტიურ დასაქმებაში. გამოძიების მტკიცებით, ისინი სახელფასო ანაზღაურებას უხდიდნენ პირებს, რომლებიც გაფორმებული ჰყავდათ როგორც საპარლამენტო თანაშემწეები და რომლებიც, მათი მტკიცებით, თითქმის არასოდეს გამოჩენილან ევროპარლამენტში.


ევროპარლამენტი, როგორც წესი, საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე ატარებს და ეს პროცესი რამდენიმე თვე გრძელდება. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner