logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: თურქეთის გზავნილი ერთგვარი გამოცდაა...
- +

26 აპრილი. 2017. 21:04


 


ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან" დიდგორის ომის დღის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით თურქეთის პროტესტზე ისაუბრა. მანვე შეაფასა ლავროვის ვიზიტი სოხუმში, ასევე თურქეთის რეფერენდუმის შედეგები და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი საქართველოზე.

 

- დიდგორის ომის დღის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოს თუ არა საქართველოს პარლამენტმა თურქეთის საელჩოს თხოვნა?



- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ შენიშვნის, თხოვნისა თუ მოწოდების მიღება. ეს სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევაა, საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არასდროს მისცემს თავს ამის უფლებას. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ არ შეაფასა მწვავედ ის მოვლენები, რომელიც თურქეთში ივლისში განვითარდა. ასეა თუ ისე, ამისთვის ყურადღების მიქცევა არ შეიძლება. ჩემთვის, თურქეთის ეს გზავნილი არის ერთგვარი გამოცდა, თუ დღეს დათმე, ხვალ უარესს იზამენ.


- თქვენ თუ ხართ იმის მომხრე, რომ 12 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდეს?


- ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება გამოცხადდეს, შეიძლება არა, ესაა საზოგადოებისა და ხელისუფლების გადასაწყვეტი, შესაძლებელია, ამაზე დისკუსიაც გაიმართოს, თუმცა, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. დიდგორი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად უნდა გადაწყვიტონ, როგორ აღინიშნოს ეს დღე.


- სერგეი ლავროვის ვიზიტს სოხუმში როგორ შეაფასებთ და რა კუთხით იქონიებს ჩვენზე გავლენას?


- ეს შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის, თუმცა, აქვე უნდა განვასხვაოთ შეურაცხყოფა, რომელიც ატარებს ტენდენციის ხასიათს. რეალურად, ლავროვი ჩავა იქ, პუტინი თუ სხვა ვინმე, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ტენდენცია არსებობს და ეს გახლავთ რეალობა, რომელიც ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ მივიღეთ. მიუხედავად ამ ტენდენციის არსებობისა, ჩვენ არ უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომები და კურსი, არ უნდა შევურიგდეთ ამას და განვაგრძოთ მუშაობა. მარტო აღშფოთება და ფეხების ბაკუნი ვითარებას არ შეცვლის.


რაც შეეხება კონკრეტულად ამ ვიზიტს, არაფერი განსაკუთრებული ამბავი ლავროვს იქ არ ჩაუტანია. ლავროვი ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ რუსეთის უმაღლესი დონის ჩინოვნიკი. რუსეთი ამით ახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ ის თავის მიდგომებს არ შეცვლის. პირველ რიგში, მოსკოვის ეს გზავნილი განსაზღვრული იყო არა თბილისისთვის, არამედ დასავლეთისთვის.


- პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, სწორედ ამიტომ ჩავიდა ლავროვი სოხუმში, თქვენც თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას?


- აბსოლუტურად ვიზიარებ რამაზის შეხედულებას, ერთი საკითხია გზავნილი დასავლეთისთვის, ხოლო მეორეა შიდა პრობლემები აფხაზეთში. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი სამხედრო-პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს აფხაზურ პოლიტიკაზე, ვგულისხმობ შიდა პოლიტიკას, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ აჭმევს აფხაზებს, ისინი მაინც პოზაში დგანან. მოსკოვში ახლა ნანობენ, რომ ასე მარტივად მიანიჭეს მათ დამოუკიდებლობა. მოსკოვში პოლიტიკური წრეები თვლიან, რომ აფხაზებმა ეს ვერ დააფასეს. მოკლედ, ამ პოზაში დგომას უნდა დაესვას წერტილი.


- თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა... როგორ აისახება ეს საქართველოზე?


- ეს ყველაფერი საქართველოზე გავლენას აუცილებლად იქონიებს, თუმცა, მომავალში. აბსოლუტური ძალაუფლება გადავიდა ერთი ადამიანის, ერდოღანის ხელში. მას ეს ძალაუფლება იმისთვის სჭირდება, რომ თურქეთში არსებული სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლოს, ასევე, უფრო აქტიურად განახორციელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ნეოოსმალიზმი ჰქვია. ეს ნიშნავს თურქეთის გავლენის უფრო ინტენსიურ აღდგენას იმ სივრცეში, რომელშიც თავის დროზე ოსმალეთის იმპერია არსებობდა.


თურქეთში დღეს ძალიან აქტიურია ოციან წლებში შექმნილი ეროვნული აღთქმის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ბათუმი და ზოგადად აჭარა თურქეთის ტერიტორიად ითვლება, აქ მხოლოდ ჩვენზე არაა საუბარი, ლაპარაკია იმ სივრცეებზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობდა, ეს გახლავთ: სირია, ერაყი, ბალკანეთისა და ბულგარეთის ნაწილი და ა.შ. ასე რომ, სწორედ ამ ტერიტორიებზე სურთ საკუთარი გავლენის აღდგენა, ამისთვის ერდოღანს ხელების გახსნა სჭირდებოდა და მიიღო ის, რაც სურდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner