logo_geo
eng_logo
დავით ზურაბიშვილი: დღეს ნამდვილად არ ვფიქრობთ არავისთან გაერთიანებას!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

2 აპრილი. 2016. 19:15


რესპუპლიკური პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ   კოალიციიდან გასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, მთავარი პრიორიტეტი  ის იყო, კოალიციის შიგნით მოწესრიგებულიყო ურთიერთობა, რათა საერთო პროგრამული ხედვითა  და გეგმით გასულიყვნენ არჩევნებზე. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა განსხვავებული ხედვების გამო.



ჩვენ ვთვლით, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. ვფიქრობთ , მარტო მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენი ამომრჩევლის იდენტიფიცირება უფრო მეტად მოვახდინოთ. უფრო მეტად იმ ხალხის ინტერესების გამომხატველი ვიყოთ, რომელიც ტრადიციულად ჩვენი ამომრჩეველია, კერძოდ, საზოგადოების ლიბერალური პროდასავლური სეგმენტისა.

 

ბუნებრივია, კოალიციის დანარჩენი წევრები თვითონ გადაწყვეტენ, როგორ წარმართონ

თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება. გადაწყვეტილია, რომ ყველა პარტიამ ცალ-ცალკე იყაროს კენჭი და ეს კარგია, რადგან მრავალპარტიულობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ყველა პარტია თავისი რეალური წონით შევა პარლამენტში.


ის, რომ კოალიციაში სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები იყვნენ, რაც დაშლის  ერთ-ერთი მიზეზი გახდა, დასამალი არ არის. ეს განპირბებული  იყო იმ სპეციფიკით, რომლითაც შეიქმნა ეს კოალიცია. თავის დროზე კოალიცია გაერთიანდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. კოალიცია შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. უნდა მომხდარიყო მაქსიმალური კონსოლიდირება პოლიტიკური ძალების, ამიტომაც კოალიციაში საკმაოდ ჭრელმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, თუმცა იქაც გაცხადებული იყო პროგრამულ დონეზე გარკვეული დებულებები.

ვფიქრობთ, კოალიციის ზოგიერთმა სუბიექტმა რეალურად გადაუხვია იმ გზას, რაც კოალიციის დაფუძნებულ მომენტში იყო მოცემული. დადგა ის მომენტი, რომ ეს შეუთავსებლობა გახდა ისეთი საგრძნობი, რომ ერთობლივი საქმიანობა გახდა რთული.

 

როდესაც პოლიტიკაში ხარ, პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს". შეიძლება დადგეს მომენტი, რომ მოგიწიოს თანამშრომლობა ვიღაცასთან. თუმცა, დღეს, ამ მომენტისთვის ჩვენ  ნამდვილად არ ვფიქრობთ არავისთან გაერთიანებას. ნამდვილად ვემზადებით დამოუკიდებლად და  ძალიან დიდ ალბათობით მოგვიწევს მარტო გასვლა. კატეგორიულობას ვერიდებით ასეთ მომენტში იმიტომ,  რომ ბოლო მომენტში ისე იცვლება ხოლმე სიტუაციები, როდის რა მოგიწევს, კაცმა არ იცის. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ჩვენ არჩევნებზე გავიდეთ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ან პატრიოტთა ალიანსთან" ერთად. რაც შეეხება ზოგიერთ ძლიერ  თუ სუსტ პარტიას, რომელიც ასე თუ ისე თავსებადია რესპუბლიკურ პარტიასთან , მათთან უფრო გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეიძლება ფიქრი. შეიძლება არ გახვიდე არჩევნებზე მათთან ერთად, მაგრამ შემდგომში ითანამშრომლო მათთან მჭიდროდ. ჩვენ გვაქვს იმედი რწმენა, რომ აუცილებლად ვიქნებით პარლამენტში და თემატურ საკითხებში შეიძლება ნებისმიერთან მოგიწიოს შეთანხმება და თანამშრომლობა. ჩვენ სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ იმ კონფრონტაციული რეჟიმიდან, რომ ყველა პოლიტიკური ოპონენტი არის ქვეყნის მტერი და პირადი მტერი. რაც უფრო ცუდ რაღაცას იტყვი მათზე, ეს დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია ქვეყნისთვის თავისთავად და იმ პოლიტიკური ძალისთვისაც, ვინც ამას აკეთებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner