ჩემი პატარა ძუნწია
ჩემი 2 წლისა და 3 თვის ბიჭუნა ძუნწია. ძალიან მაღელვებს მისი ეს თვისება. ბაგაში სათამაშოებს არავის ათხოვებს, ყველას ამ სიტყვებით იშორებს თავიდან: „ჩემია, ყველაფერი ჩემია!" სათამაშო მოედანზე თუ ვინმე მის საგანძურს მიუახლოვდა, ხელს ჰკრავს. იქნებ ეს დროებითია და ყურადღების გამახვილება არ ღირს?
ამ ასაკში ბავშვი ძუნწობს, მესაკუთრე ხდება, მით უმეტეს - ბაგაში: იქ, თუ პასიურობა გამოიჩინე, სათამაშოს გარეშე დარჩები. და ბავშვიც ცდილობს, დაიცვას საკუთარი უფლებები. ნუ დააძალებთ, თავისი სათამაშოები სხვებს ათხოვოს, შესთავაზეთ გაცვლა, თუ ამაზეც უარი თქვა, ნუ გაუბრაზდებით, ნურც შეარცხვენთ. აჩვენეთ, თქვენ თვითონ როგორ ათხოვებთ თქვენს ნივთებს სხვას, როგორ უყოფთ სასუსნავს. აღიარეთ, რომ აქვს უფლება, როგორც უნდა, ისე მოექცეს თავის ნივთებს, მაგრამ აუცილებლად შეაქეთ, თუ სათამაშოს სხვას ათხოვებს. პატარა თანდათან მიხვდება, რომ მისი თანატოლი, მისი მეგობარი მახლობელი ადამიანია და რამის თხოვება თუ გაყოფა აღარ გაუჭირდება.
ოჯახში შემომატებას ველით
ჩემი გოგონა 2 წლისაა. რამდენიმე თვეში ტყუპი გვეყოლება. მეშინია, უფროსს ყურადღება არ მოაკლდეს და არ იეჭვიანოს. მინდა იგრძნოს, რომ დაიკოების გაჩენის შემდეგაც უწინდებურად მეყვარება. როგორ გავანაწილო დრო და ენერგია, რომ უფროსსაც ეყოს და პაწაწინებსაც?
ძალიან სასისახარულო, ნამდვილად მოსალოცი ამბავია! ღმერთმა მოგცეთ ძალა და მოთმინება სამი შვილის აღსაზრდელად.
აუცილებლად დაგჭირდებათ ახლობლების დახმარება. შეეცადეთ, წინასწარ გაარკვიოთ, ვინ რით დაგეხმარებათ. თუ საოჯახო საქმეებში შეგეხიდებიან, საშუალება მოგეცემათ, მეტი ყურადღება მიაქციოთ, მეტი დრო დაუთმოთ უფროს ქალიშვილს, რათა არ ეგონოს, რომ უმცროსებზე ნაკლებად გიყვართ.
ეჭვიანობას ალბათ მაინც ვერ აიცილებთ თავიდან და ეს სავსებით ბუნებრივია ამ ვითარებაში, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, დარწმუნებული იქნებით უფროსი ქალიშვილისადმი თქვენს სიყვარულში, ეცდებით, ყოველთვის გამონახოთ თუნდაც ერთი წუთი იმისთვის, რომ უთხრათ ეს, მოეხვიოთ და აკოცოთ, ყველაფერი მოგვარდება. ნუ მიიჩნევთ გოგონას მოზრდილად მხოლოდ იმიტომ, რომ დებზე ცოტათი უფროსია. ნუ მოსთხოვთ დიდივით მოიქცეს - ის ხომ ჯერ სულ პატარაა!
ხშირად გაიხსენეთ, როგორი იყო უფროსი გოგონა ჩვილ ასაკში, აჩვენეთ თავისი ფოტოები, უთხარით, რომ მისი დებიც ასეთივე პატარები და სასაცილოები იქნებიან, რომ მისი დახმარება დაგჭირდებათ, მისი სიყვარული და მზრუნველობა.
გაითამაშეთ, როგორ იცხოვრებთ, როცა ტყუპი დაიბადება.