ფოტოგრაფ ნათია გედენიძის განცხადებით, მას 2011 წელს, დაკავებისას წარმოდგენა არ ჰქონდა დაკავების მიზეზთან დაკავშირებით.
როგორც გედენიძემ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლის დავით დევნოზაშვილის საქმის განხილვისას საქალაქო სასამართლოში განაცხადა, ე.წ. მოდულის შენობაში მასთან შევიდა უცნობი ადვოკატი ქალი, რომელმაც უთხრა, რომ ქურციკიძე და აბდალაძეც დაკავებულები იყვნენ.
„ამის შემდეგ მივხვდი, რომ დაკავება გარკვეულ ფოტოგრაფიულ საქმიანობას უკავშირდებოდა, თუმცა, ვერ მივხვდი, რას. ეს ადვოკატი მერე აღარ შემოსულა, რომ რამე დამატებით გამეგო", - განაცხადა ნათია გედენიძემ.
მან დავით დევნოზაშვილთან დაკავების იზოლატორში საუბარი დეტალურად გაიხსენა.
„ახლაც მრცხვენია, რომ ბრალდებულს, რომელიც სასამართლო დარბაზში ზის, თვალებში შევხედო, რადგან ვიცი, მას ჩემი ქმრის მიერ გადაღებული, ჩემი ნახევრად შიშველი ფოტო აქვს ნანახი. ეს თვითონ მითხრა დაკავების იზოლატორში. მითხრა, რომ ბრალი უნდა მეღიარებინა, თუ არა და, ეს ფოტო საჯარო გახდებოდა და ამით მიაღწიეს აღიარებით ჩვენებას. ძალიან რთულია, როდესაც ვიცოდი, რომ ეს ფოტო ნახა უამრავმა კაცმა მოდულში. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ეს ფოტო ჩემი და ჩემი მეუღლის ძალიან პირადი ფოტოა", - განაცხადა ნათია გედენიძემ.
მისი თქმით, ამის შემდეგ უნდა დაფიქრებულიყო აღიარებითი ჩვენების მიცემაზე.
„მე არ ვიცოდი, რისთვის ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი, რა უნდა მეღიარებინა. მერე მომაწოდეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ვითომ ირაკლიმ წინა დღეებში მითხრა, რომ შარში ვარო. მე ამას შევეწინააღმდეგე. დამთანხმდნენ ამ სიტყვების ამოღებაზე. დანარჩენი ტექსტი კი დამაზეპირებინეს და გამიყვანეს კამერასთან. იქ იყო შოთა ხიზანიშვილი. იდგა კამერის უკან, სადღაც, კედელთან. იქცეოდა, როგორც პროდიუსერი. აკვირდებოდა ამ პროცესს. ეს დაზეპირებული ჩვენება რამდენიმე ცდის შემდეგ გამართულად ჩავწერე. ამ დროს მომესმა ფრაზა, ვიღაცამ ტელეფონით ვიღაცას უთხრა, ქალი ყოჩაღადაა, კაცი გვაწვალებსო", - განაცხადა გედენიძემ.
მისი თქმით, აღიარებითი ჩვენების შემდეგ, ტაქსით მიიყვანეს სახლში.
დღევანდელი პროცესი უკვე დასრულდა. სასამართლო სხდომა ხვალ ნათია გედენიძის მეუღლის, ირაკლი გედენიძის დაკითხვით განახლდება.
შეგახსენებთ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წელს დააკავა. საუბარია 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფის - ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეებისა და გია აბდალაძის დაკავების საქმეზე. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამავე საქმეზე დაკავებული იყო „ასოშეიტედ პრესის" თანამშრომელი შაჰ აივაზოვი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.