ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას ფოტოგრაფების დაკავების საქმეში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის მონაწილეობაზეც ისაუბრა.
როგორც გედენიძემ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას აღნიშნა, როდესაც სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევდა, ხიზანიშვილი იდგა კამერის უკან, ჩვენებას ისმენდა და პროდიუსერივით იქცეოდა.
„მე არ ვიცოდი, რისთვის ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი, რა უნდა მეღიარებინა. მერე მომაწოდეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ვითომ ჩემმა მეუღლემ წინა დღეებში მითხრა, რომ შარში ვარო. მე ამას შევეწინააღმდეგე. დამთანხმდნენ ამ სიტყვების ამოღებაზე. დანარჩენი ტექსტი კი დამაზეპირებინეს და გამიყვანეს კამერასთან. იქ იყო შოთა ხიზანიშვილი. იდგა კამერის უკან, სადღაც, კედელთან. იქცეოდა, როგორც პროდიუსერი. აკვირდებოდა ამ პროცესს. ეს დაზეპირებული ჩვენება რამდენიმე ცდის შემდეგ გამართულად ჩავწერე. ამ დროს მომესმა ფრაზა, ვიღაცამ ტელეფონით ვიღაცას უთხრა, ქალი ყოჩაღადაა, კაცი გვაწვალებსო", - განაცხადა გედენიძემ.
ფოტოგრაფების საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა. სასამართლო სხდომა ხვალ ნათია გედენიძის მეუღლის, ირაკლი გედენიძის დაკითხვით განახლდება.
შეგახსენებთ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წელს დააკავა. საუბარია 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფის - ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეებისა და გია აბდალაძის დაკავების საქმეზე. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
რაც შეეხება შოთა ხიზანიშვილს, მას ფარული მოსმენების საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.