logo_geo
eng_logo
ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
- +

27 აპრილი. 2017. 15:15



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის - ბენტონიტური თიხების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის ნებართვა გასცა.


კომპანია „ასკანგელ ალიანსს" სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 30 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. კომპანიამ  ვალდებულება აიღო, რომ განახორციელებს არანაკლებ, 175 900 ლარის ინვესტიციას.  


აღნიშნული საწარმოს გარდა, სამეურნეო კომპლექსი მოიცავს: ორ სასაწყობე მეურნეობას, ოფისსა და ავტოფარეხს. „ასკანგელ ალიანსი"  წელიწადში 100 000 ტონამდე ბენტონიტური თიხის გადამუშავებას გეგმავს. საწარმოში 92-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო მთელ კომპლექსში - 250 ადამიანამდე დასაქმდება.


სამეურნეო კომპლექსის მშენებლობის დამთავრება მიმდინარე წლის 30 მაისისთვის იგეგმება.


საწარმო თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი. სასარგებლო წიაღისეული, რომელიც საწარმომ უნდა გამოიყენოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მთისპირსა და ცხემლისხიდში მოიპოვება - ვანისქედისა და უჩხუბის საბადოებში.  ისტორიულად ამ ადგილს ასკანა ეწოდება, ამიტომ აღნიშნულ თიხას ასკანის ბენტონიტურ თიხასაც უწოდებენ. ის საქართველოში 1930-იან წლებში აღმოაჩინეს და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საწარმოები თავიანთ საქმიანობაში აქტიურად იყენებდნენ.


ქართული ბენტონიტური თიხა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იგი გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, კერამიკის წარმოებაში, პარფიუმერიაში, საფეიქრო მრეწველობაში, ღვინის ფილტრაციისთვის, ნავთობის მოპოვებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner