„პოლიციამ სრულიად ახალი სტანდარტი აჩვენა და მოქალაქის დაზარალების ფასად, არ მოხდა სიტუაციის განმუხტვა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გადაცემა „პოლიტმეტრის" პირდაპირ ეთერში.
„ეს იმ პოლიტიკური სახიფათო თამაშების ნაწილია, რომელსაც გვთავაზობს ჩვენი ძირითადი ოპონენტი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა". ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული აქცია. ისინი ელოდებოდნენ ნებისმიერ საბაბს, ეს კი შესაძლოა ყოფილიყო იმ წუთას აფთიაქის წინ გაჩერებული მანქანა ან სხვა რამ. ბათუმში მიმდინარე მოვლენები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრები თუ მხარდამჭერები გამოდიოდნენ უფრო მასშტაბური აქციისკენ პირდაპირი მოწოდებებით. „ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის ეჩქარება ძალის გამოყენება და ამის არაერთი ცოცხალი მაგალითი გვაქვს ჩვენს უახლეს ისტორიაში, თუმცა პოლიციამ სრულიად ახალი სტანდარტი აჩვენა და მოქალაქის დაზარალების ფასად, არ მოხდა სიტუაციის განმუხტვა. მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავად გაიხლართა ამ პოლიტიკურ თამაშებში და თავის დაგებულ ხაფანგში თვითონვე გაება. ჩემთვის გამოძიების დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ მე თვალს ვადევნებდი პირდაპირ რეპორტაჟებს ბათუმიდან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.