logo_geo
eng_logo
გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების ექსკლუზიური კადრები
- +

27 აპრილი. 2017. 17:24



„გურია ნიუსი" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქე როლანდ ბლადაძეს ჩამოართვეს, ექსკლუზიურ ფოტომასალას გთავაზობთ.


წარმოდგენილი ფოტოქრონიკა პირველად ქვეყნდება და ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩა #37-ში არსებულ ბინას ასახავს, რომელიც ამჟამად გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაშია და მის პირვანდელ მესაკუთრეს, როლანდ ბლადაძეს 2004 წელს ჩამოართვეს.


ფოტოები 2005 წელს არის გადაღებული, ვიდრე როლანდ ბლადაძის მეუღლის და მცირეწლოვანი შვილების ბინიდან იძულებითი გამოსახლება დაიწყებოდა.


ამის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, სახლი  გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად, 1000ლარად გადაეცა.


სასამართლოში მიმდინარე სადავო საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ როლანდ ბლადაძემ აღნიშნული ბინა 1999 წელს შეიძინა, ხოლო 2000 წელს ნოტარიულად გადაიფორმა.


2004 წელს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოთხოვნილ იქნა ქონების ჩამორთმევა მისი შეძენის დაუსაბუთებლობის გამო. მაშინდელი პროკურატურა აღნიშნავდა, რომ როლანდ ბლადაძე 2001-2004 წლებში აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში, ადმინისტრაციულ თანამდებობაზე საქმიანობდა. შესაბამისად, მისი ხელფასით სადავო ბინის შეძენა ვერ მოხერხდებოდა.


თავად ბლადაძე განმარტავს, რომ ქონება შეძენილ იყო მის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყებამდე 3 წლით ადრე.


როლანდ ბლადაძე, ჩამორთმეულ სახლზე, 2004 წლიდან დღემდე, საერთო სასამართლოების წესით დავობს.


2015 წლის მარტში, გიორგი პაპუაშვილმა ქონების გასხვისება მეუღლის დის ყოფილ ქმარზე, გიორგი ლევიძეზე გადაწყვიტა, თუმცა გარიგება როლანდ ბლადაძის ადვოკატის არჩილ კაიკაციშვილის ძალისხმევით ჩაიშალა.


2015 წლის დეკემბერში, უძრავ ქონებას ყადაღა დაედო, რომელიც მოგვიანებით, 2016 წლის მარტში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ნინო ქადაგიძემ გააუქმა.


საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ როლანდ ბლადაძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება 2017 წლის 15 მარტს მიიღო. ამჟამად, მიღებული გადაწყვეტილება დადგენილი წესით, უზენაეს სასამართლოში ჯერ არ გასაჩივრებულა.


2016 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში სამი ბინაა. ამის შესახებ პაპუაშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის  ივნისში შეავსო.


კერძოდ, პაპუაშვილი ფლობს თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე 133. 00 კვ.მ-ის ფართობის ბინას და ბათუმში არსებულ ორ ბინას, რომელთა ფართობები 277.00 კვ.მ და 98.00 კვ.მ-ია.


აღსანიშნავია, რომ ბათუმში არსებული 98.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა პაპუაშვილის დეკლარაციაში 2016 წელს გაჩნდა. ამავე დეკლარაციის თანახმად, გიორგი პაპუაშვილმა ბინაში 57 000 ლარი გადაიხადა და 2015 წლის 25 მარტს შეიძინა.


რაც შეხება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე პაპუაშვილის საკუთრებაში არსებულ 277.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლებია სადაოდ არის გამხდარი. სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner