რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პასპორტის (ჩიპიანი და არა ეშმაკისეული. ჩიპები ჩვენ მობილურებში, ძვირადღირებულ ავტომობილებში და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებშიცაა) გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება დაიწყო. მისასალმებებლია წულუკიანის უწყების ეს ინიციატივა. ვგონებ, ჩვენი ევროპელი მეგობრების რჩევით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, რომ განხორციელება დაიწყო. მომზადდა სპეციალური ბროშურა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: ჩამონათვალი ქვეყნებისა, სადაც უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი; ვიზიტის ხანგრძლივობა და მიზანი; საჭირო დოკუმენტების ნუსხა.
ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ ევროკავშირის შენგენის ზონაში შემავალ 22 წევრ ქვეყანაში (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, შვედეთი). საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანასა (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) და შენგენის კანდიდატ ქვეყნებში (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია). საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ იმოგზაურებენ დიდი ბრიტანეთსა და ირლანდიაში.
ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 თვის ვადით, როგორც თურქეთში. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურიზმი, ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა და სხვა. შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ გაემგზავრებიან უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.
მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის ვიზიტორის მგზავრობის კონკრეტული მიზანი. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს, მოითხოვოს შემდეგი საბუთები: საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები). აი, აქ კი პრობლემაა, რომელიც ან მგზავრმა უნდა გადაწყვიტოს ანდა ავიაკომპანიამ. შენგენის ზონაში ჩასული მგზავრი, შესაძლოა, მესაზღვრემ უკან გამოაბრუნოს. რეისის იმავე დღეს არ იყოს. ადვილად წარმოსადგენია, რა პრობლემები შეიქმნება.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. თუ პირი აღნიშნულ ვადას დაარღვევს, მას გააძევებენ კონკრეტული ქვეყნიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას 5 წლამდე ვადით აუკრძალავენ. ალტერნატივის სახით, საქართველოს მოქალაქეს, შესაძლოა, დააკისრონ ჯარიმის გადახდა 3,000 ევრომდე ოდენობით.
უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, ევროპელი კონსულების დაუდევრობით, მოქრთამვით თუ, ელემენტარულად, გადაპარვით (თურქეთი/საბერძნეთი, ბელორუსი/პოლონეთი და სხვ.) ჩვენი თანამემამულენი ევროპაში არიან და იქნებიან. Mმინახავს თვეში 400-500 ევროზე ათენის უბან ომონიაზე გათანგული ქართველი ქალბატონები (ძირითადად იმერეთიდან) და ძიძები იტალიაში.
ახლა რატომ ჩვენ და არა უკრაინას? მოლდოველები უკვე სარგებლობენ ამ „საჩუქრით". ლაპარაკიც კი მიდის მოლდოვისა და ევროკავშირელი რუმინეთის გაერთიანებაზეც. ისტორიას აღარ ჩავუღრმავდები. ვიცით ამ ქვეყნების წარსული. მთავარი ისაა, რომ უკრაინა დაქუცმაცებულია, ისევე როგორც ჩვენ, თუმცა, ჩვენი სეპარატისტული რეგიონების კონფლიქტების მოგვარება გამყინვარებაშია. უკრაინაში ეს ჯერ არ ხდება. თანაც, ურთულესი შიდა პოლიტიკური პრობლემები აქვთ და არავინ უწყის (სპეცსამსახურების პროგნოზების გარდა) იქ რა მოხდება.
მე არ განვეკუთვნები ევროსკეპტიკოსების ბანაკს. უბრალოდ, მსურს, რომ ჩვენი თანამემამულენი შეცდომაში არ აღმოჩნდნენ. ევროპაში უვიზო მიმოსვლით (ვიმეორებ, ამას იქ ჩამსვლელს მესაზღვრე განუსაზღვრავს 90 დღე თუ ნაკლები, თუ საერთოდ არა) საკუთარ უწმვავეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას ცდილობს, რეფერენდუმიც კი დანიშნეს წლეულს, ივნისში და თან ხელმოცარული პოლონელების შემოტევას აპროტესტებენ. ოღონდ, ლონდონი ლონდონისტანია თუ ლონდონგრადი, დღემდე ვერ გადაუწყვეტიათ.
არც ოდიოზური ევროპელი პოლიტიკოსების დაიჯეროთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს... ვიზალიბერალიზაციას რომ უკავშირებენ და მერე საკუთარი განცხადებებით სხვას ამბობენ. არც რუსეთი დაგვავიწყდეს. ერთი ჰოპლათი შეუძლიათ სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსუბუქება ან სულაც გაუქმება.
საინტერესო თვეები გველის წინ.
პოლიტიკური მიმომხილველი- გია აბაშიძე