logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: მარგველაშვილს ყოველთვის გაურბის ხოლმე თვალი და…
- +

27 აპრილი. 2017. 21:16



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბარში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი შეაფასა. როგორც თავად აღნიშნა, კომისიის მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო.


ქანთარია ასევე შეეხო დიდგორის ომში გამარჯვების დღის დღესასწაულად გამოცხადების საკითხს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.



- საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა და კონსტიტუციის პროექტი უკვე მზად არის. ზოგადად როგორ შეაფასებთ კომისიის მუშაობას?


- ვფიქრობ, ძალიან მოკლე ვადებში საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა კომისიამ და დადო გარკვეული პროექტი, რომელსაც შემდგომი ეტაპები აქვს. რა თქმა უნდა, კენჭი უყარეს, მაგრამ ამის შემდგომ იწყება უმრავლესობაში განხილვა, შემდეგ სახალხო განხილვები, რომელიც ვფიქრობ, ძალიან  საინტერესო იქნება და ბოლო ეტაპი არის პარლამენტში განხილვა. შესაძლებელია, გარკვეული ცვლილებები კიდევ მოხდეს, მაგრამ ძირითადად, ვფიქრობ, რომ სამუშაო ჩატარდა საკმაოდ შედეგიანად. საუბარია იმაზე, რომ გარკვეულმა პარტიებმა დატოვეს კომისია, მაგრამ დატოვეს მაშინ, როდესაც ფაქტობრივად კომისიამ მუშაობა დაასრულა. ველოდებით ვენეციის კომისიას, დღეს ან ხვალ ალბათ გარკვეულ შენიშვნებს ისინიც მოგვცემენ და ვფიქრობთ, რომ თუ იქნება მნიშვნელოვანი შენიშვნა, უნდა მოხდეს მისი გათვალისწინება, ვინაიდან სამართლებრივი თვალსაზრისით, ვენეციის კომისია არის ყველაზე კომპეტენტური ორგანო.


- დარჩენილი მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით თუ არის კიდევ მსჯელობა და არის თუ არა შესაძლებელი, კონსტიტუციის პროექტში რაიმე ცვლილება შევიდეს?


- ვფიქრობ, შეიძლება ამაზე მსჯელობა. თავისთავად, სიმყარის თვალსაზრისით შეიძლება სწორია ის, რომ პირველ ადგილზე გასულს მიაქვს ყველაფერი, მაგრამ სრული სამართლიანობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კითხვები იქნება, რადგან ასეთი გაყოფა არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, ვფიქრობ, რომ  იმისათვის, რომ პარლამენტმა შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება, შესაძლებელია, ასეთი რამ სწორი იყოს. ვფიქრობ, მაინც ექვემდებარება განხილვას და შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილებაც იყოს მიღებული.


- შესაძლოა, საარჩევნო ბლოკები გაუქმდეს... ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?


- ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ბლოკები გაუქმდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ამან ძალიან ბევრი ხვრელი გააჩინა - ერთმანეთზე აკიდება, დაფინანსება... ამიტომ მგონია, რომ ბლოკების გაუქმების დრო მართლაც მოვიდა.


- კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის წესი იცვლება და 2023 წლიდან ქვეყნის პირველ პირს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია?


- ვფიქრობ, რომ კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი გაცილებით უპრიანია იმ შემთხვევაში, როდესაც საპარლამენტო მოდელთან გვაქვს საქმე, რათა არ მოხდეს მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტისა და ამავადროულად, მისი უფლება-მოვალეობის დისბალანსი.

- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის ვერსია არ უწყობს ხელს  ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას. თქვენ როგორ ფიქრობთ?


- პრეზიდენტის 2023 წლის არჩევნები, ვფიქრობ, რომ გააწონასწორებს საქმეს. პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, სახელმწიფოს მეთაური, მას აქვს საგარეო ურთიერთობებში ძალიან  დიდი წვლილი და შეუძლია, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, მაგრამ იგივე არის პრემიერის მუხლშიც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ უნდა მოხდეს კომპეტენციების განსაზღვრა, რა კომპეტენციები აქვს პრეზიდენტს და რა კომპეტენციები აქვს პრემიერს საგარეო კუთხით. რათა არ ჩავვარდეთ იმ კომიკურ სიტუაციაში, რაც ადრე იყო, რომ ვერ არკვევდნენ, ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად ვინ უნდა წასულიყო.


- პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არაპირდაპირი არჩევნებით უფუნქციო მთავარსარდალს ვიღებთ... გიორგი მარგველაშვილს ძალიან ბევრი შენიშვნა აქვს ზოგადად და რას უკავშირებთ ამას?


- გიორგი მარგველაშვილი მოწყურებულია ძალიან ბევრ საქმეს. პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში არის უფრო სიმბოლო, არბიტრი და ოქროს სათადარიგო მოთამაშე, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს უნდა ჩაერთოს. უნდა იყოს წარმომადგენლობითი და არა ის, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა. მარგველაშვილს ყოველთვის გაურბის ხოლმე თვალი და უნდა, რომ სხვა საქმეებშიც ჩაერიოს. შეიძლება ეს არის მიზეზი.


- თვლით, რომ დღეს პრეზიდენტი არბიტრის როლს  ვერ ასრულებს?


- დღეს არბიტრის როლის შესრულება, ვფიქრობ, რომ ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს. პრეზიდენტი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ავტორიტეტი. არ უნდა იღებდეს ყველაფერში მონაწილეობას და არ უნდა გაიცვითოს. საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობა რომ მოინდომა, ასეთ რაღაცებში მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა და არ უნდა დაეცეს მისი პრესტიჟი. ის უნდა უყურებდეს მთლიან სურათს და ჩემი წარმოდგენით, როგორც კი იქნება კრიზისული სიტუაცია შტოებს შორის, მაშინ უნდა ჩაერთოს და არა ხელებდაკაპიწებული ყოველდღიურ საქმიანობაში. თუ იქნება სახალხო არჩევნები, როგორ წარმოგიდგენიათ, რაზე უნდა ელაპარაკოს ის ხალხს, რომელიც ხელფასების მომატებასა და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას ითხოვს... რა უნდა უთხრას, არბიტრი ვარო? ამიტომ, მგონია, რომ  პრეზიდენტი უნდა აირჩიოს კოლეგიამ...


-  პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორის ომში გამარჯვების დღის დღესასწაულად გამოცხადებას, თუმცა, კანონპროექტის მსვლელობა თურქეთის საელჩოს მოთხოვნით შეჩერდა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და თურქეთის პოზიციას როგორ შეაფასებთ?


- ასეთი დღეები, რომელიც ჩვენ გვინდა, დავაწესოთ, ნებისმიერ ქვეყანაში არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს წარსულთან კავშირი, სამშობლოს განცდა იყოს გაღვივებული, იყოს მომავალი წარმატებების მუხტი, იყოს შინაგანი კონსოლიდაცია და დევიზის - აწმყო შობილი წარსულისაგან - განხორციელება მოხდეს.


ჩვენ გვაქვს ერთადერთი ეს თარიღი, რომელიც მატიანეში მეტ-ნაკლები სისწორით არის აღნიშნული. ვიფიქრეთ, მაგრამ სხვა დღე ვერანაირად ვერ მოვნახეთ. მაშინ უნდა გამოვიგონოთ. ჩვენ არ გვაქვს ბევრი პოზიტიური დღე მატიანეში. გარდაცვალების, მწუხარებისა და ტრაგიკული დღეები აღნიშნულია, მაგალითად, მეფეების გარდაცვალება, მაგრამ არ არის მათი გამეფების, ტერიტორიების შემოერთების, თუნდაც თბილისის შემოერთების თარიღი არ ვიცით. ამიტომ ეს არის ერთადერთი თარიღი, რომელიც ვიფიქრეთ, რომ გახდებოდა ყველა წარმატების კრებსითი  სიმბოლო. დიდგორობა ყოველთვის იმართება, მაგრამ გვინდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს სადღესასწაულო უქმე დღე. ეს არის ამოცანა. თურქეთი აქ არაფერ შუაში არ არის, რადგან ამ სამხედრო კონფლიქტში თურქეთი არ მონაწილეობდა. იქ იყო თურქმანული ტომები, თბილისის ამირა, ბაღდადის მაშინდელი გამგებელი, საქართველოს მხარეს კი ერთ-ერთი თურქმანული ტომი - 15 000 ყივჩაღი იბრძოდა. ასე რომ, ჩვენთვის ერთი მხრივ აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ ეს იყო ადამიანურად გამოთქმული მოსაზრება და არავითარი სიმკვეთრე არ იყო ელჩის მხრიდან. მან, უბრალოდ, თავისი აზრი დააფიქსირა, რომ შესაძლებელია, გარკვეულმა ნაწილმა აღიქვას, რომ ჩვენ ვართ მემკვიდრეები და რაღაც უხერხულობა ხომ არ შეიქმნებაო. არ მგონია, რომ ეს უნდა იქცეს საჯილდაო ქვად. ველოდები პროცედურას, როდის ჩანიშნავენ მეორე მოსმენას, გარკვეული დროის შემდეგ თუ არ ჩაინიშნა, მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას და ვაცნობებ საქართველოს მოსახლეობას, რაშია საქმე.


- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გასულ კვირას სოხუმში იმყოფებოდა და ამ ვიზიტის ოფიციალური მიზეზი, როგორც ცნობილია, იყო საელჩოს გახსნა. როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა რაიმე სხვა მიზანი მის ვიზიტს?

 

- რა თქმა უნდა, ეს იყო სერგეი ლავროვისა და შესაბამისად, რუსეთის მხრიდან ერთგვარი დემარში. ამის სათავე არის ის ტრაგიკული დღე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება პროვოცირებას აჰყვა და ამის შემდეგ რუსეთმა აღიარა ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. აი, მაშინ მოხდა ყველაზე დიდი ნაღმის ჩადება. არანაკლებ დიდი, ვიდრე ის ომი, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდები შეიწირა. ამის გამოსწორება დღეს ძალიან ძნელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალისმიერი მეთოდებით რაიმეს ცდას გამოვრიცხავთ. მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ აფხაზებთან ურთიერთობა, ის ემოციური კავშირი, რაც გვქონდა. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ამ სიტუაციაში უნდა ჩაერთოს სპორტი და კულტურა, როგორც ემოციური ზემოქმედების საშუალება, ჩვენ ერთი ფესვები, ერთი ფოლკლორი გვაქვს და ყველაფერი უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ ეს ხალხი ჩვენკენ მოვახედოთ. რასაკვირველია, ეს არ არის ერთი და ორი საქმე, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და პარალელურად, ვფიქრობ, რომ დავაგვიანეთ რუსეთთან მოლაპარაკება და დიალოგი. მანამდე რომ ყოფილიყო დიალოგი, შეიძლება არც ჩასულიყო ლავროვი სოხუმში და ასეთი დემარში არ გაეკეთებინა. ცდა ბედის მონახევრეა, დიპლომატიური სამსახური სწორედ იმისთვის არის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში დიალოგით მოახერხოს პრობლემების გადაწყვეტა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მომავალში ამ მხრივ მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს.


- „ნაციონალური მოძრაობა" მიზანშეწონილად თვლის, რომ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაუქმდეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი პოზიციაა და რამდენად საჭიროა?


- „ნაციონალური მოძრაობა" რაღაცებს უცბათ კიდევ წამოიძახებს. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, მათ რა არგუმენტი აქვთ. ხშირად იტყვიან რაღაცას იმისათვის, რომ უბრალოდ უნდა თქვან. ასე რომ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.

 

- მოსახლეობა ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენებას ითხოვს... როგორ ფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა აღნიშნული ტერიტორიის ამ კუთხით ათვისება?

 

- ამაზე საუბარი აქამდეც იყო. იოლი საქმე არ არის. საჭიროა იმ ხალხის დარწმუნება, რომლებიც უკვე წლებია ამ ტერიტორიაზე არიან დაბინავებულები და ვაჭრობენ. თავისთავად, ეს ძალიან კარგი აზრია. ჩვენ გვჭირდება მწვანე ქალაქი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა განხორციელდეს, მაგრამ უმტკივნეულოდ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner