თბილისს მალე კიდევ ერთი, 23-ე მეტროსადგური შეემატება. მისი მშენებლობა 2015 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება, ამის შესახებ Allnews.ge-სთან საუბარში „საქართველოს მუნიპალური განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი მეტროსადგური მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს განტვირთავს და მოქალაქეებს სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს.
„ახლა სადგურში ძირითადად ბეტონის დასხმითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე გერმანული წარმოების ესკალატორები ჩამოგვივიდა, რომლის დამონტაჟებასაც თვის ბოლოს დავიწყებთ. ჩვენ დღეს მორგებულები ვართ ევროპულ სტანდარტებს",- განმარტა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სადგურის მშენებლობა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს, კეთდება სალიანდაგო ხაზები, ესკალატორები, სავენტილაციო, სადრენაჟე და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინჟინერის, რამაზ დალაქიშვილის თქმით, ახალი მეტროსადგური უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვითა და თანამედროვე სტანდარტებით შენდება.
„სადგური უნივერსიტეტი იქნება ერთთაღიანი. ამჟამად აქ მიწისქვეშა წყლების დაშრობითი სამუშაოები მიმდინარეობს და ცოტა ხანში მისი მოპირკეთება და საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება", - აღნიშნავს პროექტის ინჟინერი.
მეტროსადგური „უნივერსიტეტიდან" ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება. მგზავრები, ჯამში სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.
ახალი მეტროსადგურის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 83,000,670.45 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული ესპანური კომპანია აწარმოებს.