logo_geo
eng_logo
მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.3% შეადგინა
- +

28 აპრილი. 2017. 11:55


 

 

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ს, თებერვალში კი 4.4%-ს შეადგენდა. 2017 წლის პირველი კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ შეაფასა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. მისი განცხადებით, რაც შეეხება ზრდის გამომწვევ ფაქტორებს, სექტორულ ჭრილში   ზრდა არის შემდეგი მიმართულებებით: დამამუშავებელი მრეწველობა,  მშენებლობა - სასტუმროები და რესტორნები,  უძრავი ქონება და ვაჭრობა.  ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, ასევე ზრდაზე დადებითად მოქმედებს საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება, როგორიცაა ექსპორტი.


„მოგეხსენებათ,  2017 წლის ამ თვეში ჩვენ გვქონდა ექსპორტის 30%-იანი ზრდა. ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა  - ფულადი გზავნილები  (სამ თვეში 22%-იანი ზრდა), ზრდა ასევე კვლავ  გრძელდება ტურიზმის მიმართულებით,  რაც სასიხარულო ფაქტორია - კერძოდ, ვიზიტორების რაოდენობამ 2017 წლის იანვარ-მარტში 1 266 125 შეადგინა. საქართველოს მთავრობა შემდგომშიც გააგრძელებს ზრდის ხელშემწყობ რეფორმებს და  იმედი გვაქვს, რომ მომავალი პერიოდის ეკონომიკური ზრდაც დადებითი იქნება", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.


2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით იანვარში 20.7%-ით, თებერვალში 14.6%-ით, ხოლო მარტში 16.7%-ით არის გაზრდილი.

 

მიმდინარე წლის მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:


-         მშენებლობა

-         დამამუშავებელი მრეწველობა

-         სასტუმროები და რესტორნები

-         ვაჭრობა

-         ოპერაციები უძრავი ქონებით


მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ, 2017 წლის იანვარ- მარტში გაიზარდა:

 

-         ფეროშენადნობების ექსპორტი 201%-ით

-         ღვინის ექსპორტი 62.5%-ით

-         სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 60%-ით

-         სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 17%-ით

 

საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.


საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის იანვარ-მარტში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის:


  • 22%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 290 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.


  • 2017 წლის მარტში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 28%-ით და 180 მლნ აშშ დოლარი (39 მლნ აშშ დოლარით მეტი) შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 435 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (83 მლნ აშშ დოლარით მეტი). 2017 წლის იანვარ-მარტში 11.4%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და 1 266 125 ვიზიტორი შეადგინა.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რაც პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner