წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ს, თებერვალში კი 4.4%-ს შეადგენდა. 2017 წლის პირველი კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ შეაფასა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. მისი განცხადებით, რაც შეეხება ზრდის გამომწვევ ფაქტორებს, სექტორულ ჭრილში ზრდა არის შემდეგი მიმართულებებით: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა - სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, ასევე ზრდაზე დადებითად მოქმედებს საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება, როგორიცაა ექსპორტი.
„მოგეხსენებათ, 2017 წლის ამ თვეში ჩვენ გვქონდა ექსპორტის 30%-იანი ზრდა. ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა - ფულადი გზავნილები (სამ თვეში 22%-იანი ზრდა), ზრდა ასევე კვლავ გრძელდება ტურიზმის მიმართულებით, რაც სასიხარულო ფაქტორია - კერძოდ, ვიზიტორების რაოდენობამ 2017 წლის იანვარ-მარტში 1 266 125 შეადგინა. საქართველოს მთავრობა შემდგომშიც გააგრძელებს ზრდის ხელშემწყობ რეფორმებს და იმედი გვაქვს, რომ მომავალი პერიოდის ეკონომიკური ზრდაც დადებითი იქნება", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით იანვარში 20.7%-ით, თებერვალში 14.6%-ით, ხოლო მარტში 16.7%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
- მშენებლობა
- დამამუშავებელი მრეწველობა
- სასტუმროები და რესტორნები
- ვაჭრობა
- ოპერაციები უძრავი ქონებით
მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ, 2017 წლის იანვარ- მარტში გაიზარდა:
- ფეროშენადნობების ექსპორტი 201%-ით
- ღვინის ექსპორტი 62.5%-ით
- სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 60%-ით
- სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 17%-ით
საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.
საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის იანვარ-მარტში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის:
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რაც პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.