logo_geo
eng_logo
თბილისის ბიგ ბენდი იუბილარია
- +

28 აპრილი. 2017. 12:16



თბილისის ბიგ ბენდისთვის 2017 წელი საიუბილეოა. ორკესტრის დაარსებიდან 20 წელი შესრულდა. ამ თარიღს ბიგ ბენდი გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს, რომელიც 30 აპრილს - ჯაზის საერთაშორისო დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ორკესტრი, რომელიც გაიოზ კანდელაკმა დააარსა და ორი ათეული წელია მაესტრო გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით წარმატებებს აღწევს, თბილისელ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.


მარჯანიშვილის თეატრში შექმნილმა ორკესტრმა ბევრ წინააღმდეგობას გაუძლო, თეატრის შენობიდან გაგდების შემდეგ ბევრი „იმოგზაურა", თუმცა, მუსიკოსებმა ენთუზიაზმი ბოლომდე შეინარჩუნეს და ახლა სარეპეტიციოც აქვთ და მუშაობის საუკეთესო პირობებიც.


უნივერსიტეტებსა და თბილისის სკვერებში ჩატარებული უფასო კონცერტების პარალელურად, თბილისის ბიგ ბენდი უკრავს ყველგან, იქნება ეს თბილისობა, ახალი წელი თუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მათი რეპერტუარი მოიცავს მსოფლიო ნაწარმოებებს, რომლებიც მსმენელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.


თბილისის ბიგ ბენდის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გოგი ალექსიძის სახელობის ბალეტი მარიამ ალექსიძის ხელმძღვანელობით და ბუკა კარტოზიას კვინტეტი. საიუბილეო კონცერტს თბილისის ბიგ ბენდი „ლილეოთი" გახსნის, შემდეგ კი თავისი რეპერტუარიდან საუკეთესო ნაწარმოებებს შეასრულებს.


მონტე-კარლოს გრან პრის მფლობელი თბილისის ბიგ ბენდი აგვისტოში იუგოსლავიაში, სერბეთსა და ბულგარეთში გამართავს კონცერტებს.


საიუბილეო კონცერტამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ბიგ ბენდს ვარსკვლავსაც გაუხსნიან, თუმცა როგორც „ახალ თაობას" მისმა დამაარსებელმა გაიოზ კანდელაკმა განუცხადა, ვარსკვლავის გახსნა საჭიროდ არ მიაჩნიათ:


„ჩვენი ვარსკვლავი ცაშია.  ჩვენ ქვევით გახსნილ ვარსკვლავებს არასდროს ვუყურებთ, რადგან სულ ზევით, ცაში ვიყურებით. ცაშია ყველა დიდი ადამიანი და ხელოვანი... რაც მთავარია, ჩვენ არავის ვეჯიბრებით, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვემსახურებით ჩვენს ხალხს", - განაცხადა გაიოზ კანდელაკმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner