logo_geo
eng_logo
მერაბ გაბინაშვილი: მოსამართლეობა თმენის ვალდებულებას გულისხმობს, მაგრამ არსებობს საზღვრები
- +

28 აპრილი. 2017. 13:01



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ გაბინაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივაზე გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსამართლეები დაცული უნდა იყვნენ პიროვნული შეურაცხყოფისგან ზუსტად ისე, როგორც საზოგადოების სხვა წევრები.

 

ჯერ ის ისტერია უნდა დამთავრდეს, რაც მოყვა ჩვენი ინიციატივის გამოქვეყნებას - ისტერიაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მოთხოვნაც კი არ იქნა სწორად აღქმული, ჩვენ არანაირი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არ ვითხოვთ.

სასაცილოც კი იქნებოდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს ისეთი მნიშვნელოვანი უფლების შეზღუდვაზე ესაუბრათ, როგორიც არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ სხვა რამეზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული და ვამბობთ, რომ არგუმენტირებული და სამართლებრივი კრიტიკა შეიძლება მოჰყვეს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რაც აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს პიროვნული შეურაცხყოფისგან. პიროვნული შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლების დარღვევა იწყება. ძველ ბერძნებს აქვთ გამონათქვამი - შენი უფლება - იქნიო ხელები, მთავრდება იქ, სადაც ჩემი ცხვირი იწყება". ჩვენ ვამბობთ, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სასამართლო ღიაა კრიტიკისთვის. გარდა ამისა, სულ იქნება კრიტიკა იმიტომ, რომ მხარეებიდან ერთ-ერთს არ მოსწონს მოსამართლის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შევეგუოთ იმ დაუმსახურებელ პიროვნულ შეურაცხყოფებას, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული ქმედებაა", - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.


გაბინაშვილის თქმით, ისეთი განცდა რჩება, რომ სასამართლოსთან არგუმენტირებული, სამართლებრივი საუბრები უფრო ძნელია, ვიდრე შეურაცხყოფების ენაზე საუბარი.


მოსამართლეობა, საჯარო მოხელეობა თმენის ვალდებულებებს გულისხმობს, მაგრამ თმენის ვალდებულებების საზღვრები არსებობს. მოსამართლეებსაც აქვთ ღირსება, ჰყავთ ოჯახის წევრები, ჩვენც გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება, ჩვენი პირადი ღირსების შეგრძნება, რომლის დასაცავადაც ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner