logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: შემიძლია, დაგიდასტუროთ!...
- +

28 აპრილი. 2017. 14:58



შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უარყოფს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ღოღობერიძეს დროებითი მოთავსების იზოლატორში „სუს-ის თანამშრომლისთვის ხელის დადებას აიძულებდნენ".


ხუციშვილის თქმით, ღოღობერიძეს გამომძიებლის, სახალხო დამცველის წარმომადგენლის და მისი ადვოკატის გარდა იზოლატორში არავინ შეხვედრია, რაც კამერების ჩანაწერებით დასტურდება.


ხუციშვილის ინფორმაციით, ადვოკატის მიერ განცხადების გაკეთების შემდეგ ის დაინტერესდა საკითხით და კამერების ჩანაწერები შეისწავლა, თუმცა შეხვედრა, რომელზეც საუბრობს ადვოკატი, არსად ფიქსირდება.


ვინმე ყიფიანი არის თუ არა სუს-ის თანამშრომელი, დაადო თუ არა ხელი ღოღობერიძემ მას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთი შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ არანაირ შეხვედრას ღოღობერიძესთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადგილი არ ჰქონია გარდა გამომძიებლისა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და თავისივე ადვოკატისა. მე მაქვს პასუხისმგებლობა იზოლატორების საქმიანობაზე და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ამ თემის შემდგომი განვრცობა იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება მისთვის შეთავაზება გაეკეთებინა, მიზანშეწონილი არაა. მე საგანგებოდ მოვიკითხე ყველა კამერის ჩანაწერი, რომელიც იზოლატორშია დამონტაჟებული. მათი შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ასეთ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


რაც შეეხება ბათუმის მოვლენებზე დაკავებული მეორე პირის, ირაკლი ჩხვირკიას და მისი ოჯახის ბრალდებას, რომ ჩხვირკიას მიმართ დევნა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს, შს მინისტრის მოადგილე ამ ბრალდებებსაც აბსურდულს უწოდებს.


ჩხვირიას დაკავება მოხდა მაღალი სტანდარტებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე. რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დევნას, ბევრად მწარედ და მწვავედ სხვა ადამიანები აკრიტიკებენ თუნდაც მთავრობას, ან სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა თქვენც ხედავთ, რომ არავის დაკავება ან რაიმე ნიშნით შევიწროვება არ ხდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


ბათუმის არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის, პაატა შავაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ ის სუს-სა და შსს-ს შორის არსებულ დაპირისპირებას შეეწირა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner