საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ „პირველთან" საუბარში აღნიშნა, რომ 2017 წლის მარტში ექსპორტის 30%-იანი ზრდა დაკავშირებულია საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან.
„პირველ რიგში ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ძირითადი ფაქტორი, რომლის გამოც გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებზე იყო საუბარი რამდენიმე თვის წინ, რასაც ჩვენ ვუწოდეთ ეკონომიკურ პარტნიორობთან არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდა და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ექსპორტის ზრდის. სწორედ ამიტომ გვაქვს 30%-იანი ზრდა", - განაცხადა რომან კაკულიამ.
„პირველთან" საუბარში დეპუტატმა აღნიშნა, რომ გაზრდილია გზავნილები დაახლოებით 22%-ით, ასევე დაახლოებით 28%-ით გაიზარდა შემოსავლები. ყველა სფეროში პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება და აქედან გამომდინარე ეკონომიკური ზრდა საშუალოდ პირველი კვარტლის მდგომარეობით 5 %-ის ფარგლებში დაფიქსირდა.
რომან კაკულიას თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი ეკონომიკური ზრდის ციფრის ფორმირებაში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვაა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3%, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0% შეადგინა.