უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილის ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლება სანქციების მომხრე არ არის.
მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების სურვილია, იყოს დიალოგი საზოგადოებასთან და ჟურნალისტთა კორპუსთან იმ საკითხებზე, რაზეც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
„ასეთი დიალოგის მიზანი არის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება და სამართლებრივი მართლშეგნების მაღალი სტანდარტი, რომელიც უნდა გააჩნდეს როგორც საზოგადოებას, ასევე მედიას და მოსამართლეებს. მოსამართლეებს, ბუნებრივია, გააჩნიათ იმ იდეალების და პრინციპების შესასრულებლად, რომელსაც ჰქვია მართლმსაჯულების დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის დაბრუნება სასამართლო სისტემისადმი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება.
სასამართლო ხელისუფლება კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის მკვეთრ ზღვარს მხოლოდ საკუთარი პრაქტიკითა და ეთიკური სტანდარტების გამოყენებით დაადგენს", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
გვენეტაძეს მიაჩნია, რომ ამ ინიციატივას როგორც საზოგადოება, ისე ჟურნალისტთა კორპუსი სწორად აღიქვამს.
„კრიტიკულ შეფასებებზე სასამართლოს არ აქვს პრეტენზია და ბუნებრივია, ეს უნდა არსებობდეს. რაც შეეხება შეურაცხმყოფელ შეფასებას, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რაც შეიძლება თავშეკავებული კრიტიკის ზღვარში დარჩეს, რათა არ დავწიოთ მართლშეგნების დონე და არ გავაუარესოთ ეთიკური სტანდარტები", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 4 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.