იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ იუსტიციის საბჭოს წევრების ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ითვალისწინებს დიალოგის დაწყებას სასამართლო ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
მისივე თქმით, პრობლემა არის გლობალური, ვიდრე ერთი კონკრეტული მოსამართლის შეურაცხყოფა, რითაც რეალურად საფრთხე ექმნება სასამართლო სისტემის პრესტიჟს, ღირსებას და ავტორიტეტს.
„ჩვენ მხარეებს შევთავაზეთ მსჯელობის გამართვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და იქნებ რამეზე შევთანხმდეთ, რამე გამოსავალი ვიპოვოთ. სასამართლო სხდომის დარბაზში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სანქციები ისედაც არსებობს. აქ საუბარია იმაზე, რომ ხდება ისეთი რამ, რაც აზიანებს სასამართლოს პრესტიჟს და ავტორიტეტს. ამიტომ დავსხდეთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ გარდა გამოხატვის თავისუფლებისა, რომელიც მნიშვნელოვანია და ამას არავინ არ ეხება, იქნებ როგორმე ავკრძალოთ ლანძღვა-გინება და მივიდეთ იქამდე, რომ ყველა გავუფრთხილდეთ სასამართლოს ავტორიტეტს და ღირსებას”, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისივე თქმით, ამ შეხვედრის მიზანი არის კონფრონტაციული რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმში გადასვლა.
„თუნდაც კრიტიკის ენაზე ვესაუბროთ ერთმანეთთან და არა შეურაცხყოფის. მინდა, შეურაცხყოფის რეჟიმიდან საუბარი გადავიყვანოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში”, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 4 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.