logo_geo
eng_logo
თენგიზ მენთეშაშვილი - შთამომავლობამ უნდა იცოდეს - „ვინ არის ვინ!“
- +

29 აპრილი. 2017. 12:17



შარშან, ამ დროს, აღესრულა ერთი ძალიან საინტერესო, ღირსეული ამაგდარი კაცი. მაშინ გამოვაქვეყნე რამდენიმე ფრაგმენტი და მინდა, რომ ჩემს მეგობრებს შევახსენო ეს მოგონება, რამეთუ ეს პიროვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა თავისი მშობლიური ქალაქისთვის, ნამდვილად იმსახურებს მადლიერებით გამჭვალურ გახსენებას.


***


დღეს თბილისში დაკრძალავენ თენგიზ მენთეშაშვილს, რომელიც 88 წლისა გარდაიცვალა მოსკოვში.


ბოლო თანამდებობა, რომელიც მას ეკავა, ერთობ მაღალი და პასუხსაგები იყო: სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი. ამ პოსტზე იგი დაინიშნა 1982 წელს, როცა მოულოდნელად გარდაიცვალა მისი წინამორბედი მიხეილ გიორგაძე.


მანამდე თენგიზ მენთეშაშვილი საქართველოს კომკავშირის მეორე მდივანი გახლდათ, როცა პირველი მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, თავკაცობდა რუსთავს, ეკავა მაღალი თანამდებობები პარტიულ იერარქიაში, ბოლოს კი, მოსკოვში გადასვლამდე, კარგა ხანს, იყო კომპარტიის თბილისის კომიტეტის პირველი მდივანი, ანუ, რეალურად, მაშინდელი პრაქტიკის გათვალისწინებით, ის იყო დედაქალაქის პირველი პირი.


თანამდებობრივად და შევარდნაძესთან თანამებრძოლის დიდი სტაჟის, ამასთან, უახლოესი მეგობრული ურთიერთობის გამო, ის გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოსანი საქართველოში. ამას ემატებოდა ადამიანური თვისებების - კეთილშობილების, პრინციპულობის და პატიოსნების ნაზავი და თბილისის საქალაქო პრობლემების ღრმა ცოდნა. აქედან გამომდინარე, მისი ავტორიტეტი დიდი იყო და ის გულწრფელად უყვარდა აქტივს.


ხაზგასმულად უნდა ითქვას, რომ ძირძველი თბილისური ოჯახის შვილი, გრიგოლ კობახიძის 77-ე სკოლის ცნობილი დირექტორის გაზრდილი ავლაბრელი ყმაწვილი, რა თქმა უნდა, შეყვარებული იყო თბილისზე და მშობლიური ქალაქისთვის ბევრი რამ გააკეთა. მის სახელთან არის დაკავშირებული ძველი უბნების აღდგენა-რესტავრაციის პროცესის დაწყება, რიყის, ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია, მეტეხის კლდის გვირაბის მშენებლობა, „დიდი დიღმის", გლდანის, ვაზისუბნის მიკრორაიონების განაშენებიანების პროცესის დაჩქარება, რომლის შედეგიც იყო ბევრი თბილისური ოჯახის საბინაო პრობლემის გადაწყვეტა... მის დროს დაიწყო „თბილისობის" დღესასწაულის და „საპატიო თბილისელის" წოდების მინიჭების პრაქტიკა...


ერთი სიტყვით, თენგიზ მენთეშაშვილი ერთობ დადებითი აურის მატარებელი პიროვნება გახლდათ და გულწრფელი სინანული, რომელიც მის გარდაცვალებას მოჰყვა, აბსოლუტურად დამსახურებული და ალალია.


ბუნებრივია, ჩემი იმდროინდელი თანამდებობრივი სტატუსის გამო მიწევდა მასთან სისტემატური კონტაქტი. არ იყო ეს ურთიერთობა მარტივი. არ გახლდით მისი ფავორიტი, თანაც, მაშინდელ ტელევიზიას და რადიოს ერთობ აქტიური პოზიცია ეკავა დამნაშავეობასთან, კორუფციასთან, უზნეობასთან და სხვა ნაკლოვანებებთან მიმართებაში და, ბუნებრივია, კრიტიკული პათოსი თბილისის რეალობასაც წვდებოდა და ქალაქის პირველი პირი ამ ჩვენს კრიტიკულ გადაცემებს დიდი აღტაცებით არ ხვდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ მას და მის გუნდს გულზე დიდად არ ვეხატებოდი, თავად მენთეშაშვილი კორექტულობის ჩარჩოებიდან საჯაროდ არასოდეს გამოსულა. პირიქით, მისი „ქვეშევრდომებიდან" ზოგიერთები კი „მკბენდნენ", მაგრამ, ჩვენს კრიტიკულ გადაცემებზე საქალაქო თუ რაიონული სტრუქტურების თავკაცები „სმენაზე" იდგნენ, მათგან კრიტიკაზე რეაგირება 100-პროცენტიანი გახლდათ და ამ მხრივ, მთელი საბჭოთა ქვეყნის მასშტაბით, საქმე „სატრაბახოდაც" კი გვქონდა.


ტელერადიოს 3-ათასიანი კოლექტივი ერთ-ერთი დიდი, მრავალრიცხოვანი სტრუქტურა იყო და მისი ყოფითი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება ხშირად ითხოვდა დედაქალაქის ხელმძღვანელობის ყურადღებას და ხელშეწყობას. თენგიზ ბატონი გაგებით ეკიდებოდა ამ პრობლემებს, ხშირად „მეჯიჯღინებოდა" - ბევრს ითხოვო, მაგრამ, საბოლოოდ... მაინც ჩვენს სასარგებლოდ წყვეტდა საჭირბოროტო პრობლემატიკას.


და დღეს, როცა მთავრდება მისი ამქვეყნიური ცხოვრება, ობიექტურობას არ ვუღალატებ და მადლიერებით გავიხსენებ ორ ფაქტს (მრავალთაგან), რომელიც მეტ-ნაკლებად ხსნის ჩემი ასეთი თბილი გახსენების სურვილს და ამ ნაღდი სახელმწიფო მოღვაწის, ჭეშმარიტი პატრიოტის და, უბრალოდ, ნამეტნავად კარგი კაცის ბუნებას.


ამ ფაქტთან ერთი, ე.წ. „პირადული" ხასიათისაა და გოდერძი ჩოხელთან არის მეტ-ნაკლებად დაკავშირებული.


გოდერძი ჩოხელს მანდამაინც არ მოსწონდა (და არც მალავდა ამ დამოკიდებულებას) ბატონი თენგიზი, რომელმაც ერთხელ, მისი ფილმის დახურული ჩვენებისას კრიტიკულად შეაფასა გოდერძის „ნაოფლარი". თენგიზმაც საიდღანაც გაიგო ეს და ერთი-ორჯერ მის გამო მეც „წამკბინა". დამიდგა ის დღე, როცა გადასაწყვეტი მქონდა ტელერადიოს „სიძის" გოდერძი ჩოხელის ბინის საკითხი.


იმ დროს უმკაცრესი კონტროლი იყო დაწესებული ბინების განაწილებაზე და რიგითობის სტაჟიით ბინის გაცემის დადგენილი წესის დამრღვევი სასტიკად ისჯებოდა. ამიტომ, დარღვევას ვერავინ ბედავდა. აბა, გოდერძის და „პატარძალს" ნინო მელაშვილს - „მოამბის" ჟურნალისტს საბინაო აღრიცხვის რა სტაჟი უნდა ჰქონოდათ?! ჰოდა, გინდა-არგინდა დადგენილი წესი „უნდა" დარღვეულიყო. ერთადერთი არგუმენტით: პირველი ის, რომ ქირით მაცხოვრებელი, თეატრალური ინსტიტუტის ახალკურსდამთავრებული უნიჭიერესი მთიელი ბიჭი ხელშეწყობას იმსახურებდა (და ეს ორჯერ ორი გახლდათ ჩემთვის). და მეორე: პირადულიც „მავალდებულებდა", რამეთუ ჩემმა უმცროსმა მეგობარმა გოდერძიმ მეჯვარეობა მთხოვა და... „ხელცარიელი" ხომ ვერ მივიდოდი ამ ცერემონიაზე...


ჰოდა, ამ სერიოზული თუ ნახევრად „სახუმარო" არგუმენტებით შეიარაღებული წავედი (მერამდენჯერ!!!)ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც, არც მეტი - არც ნაკლები, უბრალოდ, შეყვარებული იყო გოდერძის ფილმზე და მის პროზაზე. მომისმინა, გამიგო და... ამ დარღვევაზე მენთეშაშვილის გარდა არავინ წავაო და დაურეკა... უნდა გენახათ, რა ოსტატურად „ჩაახუჭუჭა" შევარდნაძემ, გაიხსენა ჩოხელის ფილმთან დაკავშირებული მისი კრიტიკული პათოსი, ცაში აიყვანა გოდერძი, ცოტა მეც „ჩამიშვა" და თენგიზს კი არ „დაავალა", არამედ „სთხოვა" (!), მხარი დაეჭირა... ეს საუბარი ჩემთვის მართლაც მასტერ-კლასი იყო... ამის შემდეგ, უკვე უფრო გაბედულად „გადავირბინე" ცეკას შენობიდან მეზობლად მდგომ თენგიზის რეზიდენციაში... გაიხსენა რა გოდერძის ფილმთან დაკავშირებული „შეხლა-შემოხლა", რა თქმა უნდა, მოვისმინე მისი „ჯიჯღინი" და... გავხდი მოწმე სახელმწიფო და პიროვნული აზროვნება-მოქმედების მორიგი მასტერ-კლასისა: ტალანტის მხარდაჭერისთვის როგორ დავარღვიოთ კანონი ისე, რომ... არ დავარღვიოთ.


ვთავაზობ გამოსავალს, რომელმაც ერთხელ უკვე იმუშავა ტელევიზიის თანამშრომლების-თამრიკო გვერდწითელის და კახა კახაბრიშვილის ქორწინებისას: მასესხოს ერთი ბინა, ვალს კი გავისტუმრებთ იმ „კვადრატულის" რაოდენობიდან, რომელიც ყოველწლიურად გვეკუთვნის ტელერადიოკომიტეტის საბინაო შენატანების საფასურად. ერთი სიტყვით, საჩუქარს კი არა, უბრალოდ, წინსწრებას ვითხოვ და კეთილგანწყობას ქალაქის საბჭოსგან (მაშინდელი მერიისგან). თან პირობას ვიძლევი, რომ ვალს აუცილებლად გავისტუმრებთ. კეთილგანწყობა კი იმაში უნდა გამოიხატოს, რომ ნუ იქნება ეს ბინა ძალიან შორს, ახალ მასივებში... ისევ „ჯიჯღინი" და წადი წერილი-თხოვნა მომიტანეო... მეც ასეთ ბოლოს ველოდი და ღიმილით მივაწოდე უკვე „გაშანშალებული" არზა... თავადაც გაეცინა და... მოვიფიქრებო!


მეორე დღეს ზარი: უკაცრავად, ვერა და ვაკე ვერ გაგიკეთეთ და ძველი დიღმით დაკმაყოფილდითო. გავვარდით. ვნახეთ და... ჩოხელების ოჯახი ახლაც იმ მშვენიერ ბინაში ცხოვრობს. და ბოლოს: როცა გოდერძისა და ნინოსთვის ბინის გამოყოფის დადგენილება მომივიდა, შიგ არ ეწერა, რომ ეს სესხად ეძლეოდა ტელარედიოკომიტეტს. არ მინდოდა, ეს „ეშმაკობაში" ჩამთვლოდა და თენგიზს დავურეკე... ისევ თბილი „ჯიჯღინით": არ ხარ შენ მაგ ვალის დამბრუნებელი და ჰქონდეს მაგ მართლა ნიჭიერ ბიჭს ეგ ბინა თბილის-ქალაქიდან საჩუქრადო...


ასეთი უნაღდესი კაცი გახლდათ თენგიზ მენთეშაშვილი, ზოგიერთივით ბოღმიანი კი არა, მეტისმეტად გულიანი, სიკეთით და სითბოთი სავსე...


ბარემ, მეორე ისტორიასაც გავიხსენებ, უკვე საზოგადოს, სახელმწიფო და ეროვნულ აზროვნებასთან დაკავშირებულს...


„დედა ენის" 100 წლისთავისთვის მზადების ბოლო დღეებია. „ჩრდილოეთში" რომ ნაკლებად გაღიზიანდნენ, ამ იუბილეს უწყებრივი მასშტაბები მიეცა და განათლების სამინისტროს აღმზრდელობითი სამმართველოს მეთაურობით კეთდება... გამოიცა ძველი „დედა ენა", „ბუნების კარი", გოგებაშვილის სხვა ნაღვაწი... მოწესრიგდა მუზეუმი, პოეტური კრებული. რეზო ლაღიძემ წინა დღით ღამე გაათენა და ფანტასტიკური სიმღერა შექმნა...


ბოლოსწინა საღამოა, თემურ ჟღენტის „შავი მუშების" ბრიგადასთან ერთად გავდივართ ყველა დეტალს კიდევ ერთხელ. ჩვენთან ერთად არის ასაკოვანი ბატონი უშანგი ობოლაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, ლეგენდა კაცი, ცოცხალი ენციკლოპედია... ვიღებ ერთ საგაზეთო ამონაჭერს და ვუკითხავ დამსწრეებს: სადღაც, რუსეთის რომელიღაც ქალაქში, ძაღლისთვის ძეგლი დაუდგამთ - პატრონის ერთგულებისთვის. ხმამაღლა ვამბობ: „აგერ ძაღლს დაუდგეს ძეგლი და... ჩვენ ვინ რა უნდა გვითხრას, თუკი..." აქ აზრი გავწყვიტე, ეშმაკურად ვეკითხები ბატონ უშანგის: „სადმე თუ არსებობს ძეგლი მშობლიური ენის პატივსაცემად?"


ობოლაძე, რომელიც ჩვენ გუნდს სიყვარულით „შავი პოლკოვნიკების ხუნტას" ეძახდა, ადგა და... მეტი აღარაფერი თქვათ, ახლავე ცეკას სახელზე ბარათს დავწერო... ორ საათში ბარათი მზად არის: დასაბუთება 5 გვერდზე! გრძელია, უნდა შევამოკლოთ-მეთქი... არაო, ეს ისეთი საკითხია, სერიოზული დასაბუთება სჭირდებაო...


ჩვენს უფროს მეგობართან კამათს აზრი არ აქვს. ამიტომ მადლობით ვშორდებით და... ვურეკავ ელგუჯა ამაშუკელს, ჩვენს დიდ მოქანდაკეს: ვეკითხები, როგორ არის საქმე? პასუხი ისეთია, რომ ტელეფონიც კი გაწითლდა ჩემი მადლობებით. მაშინ უკვე ყველა მიხვდა, რომ იდეა ახლა კი არ დაბადებულა, არამედ იმდენად დაღვინებულია, რომ უკვე ესკიზებიც კი დამუშავებულია... „გავვარდით" მე და თემურ ჟღენტი ბატონ ელგუჯასთან. ლია სტურუა, ელგუჯას მეუღლე, ჩვენი ცნობილი პოეტი, აღტაცებით მეუბნება, რომ ელგუჯამაც ღამე გაათენა და რამდენიმე ესკიზი მზად არის...


დადგა საიუბილეო დღე. დილით შევარდნაძესთან ვიზიტი. ცეკას მდივანი ვიქტორია სირაძე (რომლის მხარდაჭერაც და დახმარებაც ყველა ასეთ საქმეებში განუზომელია) ღიმილით ეუბნება, რომ წყვეტაა მოსაწვევებზე... ვაჩვენებ საიუბილეოდ გამოშვებულ წიგნებს, სხვა „პროდუქციას", ვუყვები, რა მოხდება ფილარმონიის სცენაზე... იუბილეს მასშტაბები და მრავალფეროვნება მისთვის მოულოდნელი კი არის, მაგრამ აშკარად კმაყოფილია და ამ ფონზე მისთვის ახალი სიურპრიზი: ვაწვდი უშანგი ობოლაძის მიერ მომზადებული 5-გვერდიან წერილს და მეორე ვარიანტს: ერთ გვერდზე დაყვანილ „დასაბუთებას"... ორივე წაიკითხა და... უკან დამიბრუნა. ლამის გული გამისკდა, ვიფიქრე, უარს მეუბნება-თქო.. მისთვის ამ მოულოდნელ წინადადებაზე დაფიქრდა. ფიქრი მეტისმეტად რომ გააგრძელა, ვისარგებლე პაუზითა და... ვაწვდი ესკიზებს. ყურადღებით ათვალიერებს და...


როგორც კი ვიგრძენი, რომ აშკარად მოეწონა, „შეტევაზე" გადავდივარ: ელგუჯა ამაშუკელს მიაჩნია, რომ სანაპიროზე რომ ბაღია, იქ იქნება ძეგლისთვის შესაფერისი ადგილიო... თანაც, ადგილი სიმბოლურია (1956 წლის 9 მარტის ამბები მივანიშნე), ქართულ თემასთან პირდაპირ კავშირში გახლავთ-თქო...


ახლა უკვე ქალბატონი ვიკა სირაძე იდეის და ჩვენი მისამართით ისეთი დითირამბებით წამომეშველა, რომ წელში უკვე მაგრად გავიმართე...


ახლა უკვე ბურთი შევარდძის მოედანზეა და დასვა კიდეც პირველი შეკითხვა, თანაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი: ვინ იცის ამის შესახებო...


პასუხი: მინისტრმა ოთარ ქინქლაძემ, ობოლაძემ, ჩემმა მოადგილემ თემურ ჟღენტმა, ქალბატონმა ვიქტორიამ და თქვენ...


და ისევ მოულოდნელი ფრაზა: ამ იდეის შესახებ მეტმა არავინ არ უნდა იცოდეს. არავინ!.. და დაამატა: ხელს შეგვიშლიანო!


ახლაც მახსოვს ინტონაცია: ხელს შეგვიშლიანო!!!


ვეუბნები, რომ „საიდუმლოს" უკეთ შევინახავთ, თუ კონკურს არ გამოვაცხადებთ და...


მისმა პასუხმა უმალ ნათელი გახადა მიზეზი, რატომ დამიბრუნა ოფიციალური არზები უკან: არავითარი დადგენილებები, ოფიციალური დაკვეთა-გაფორმება არ გვინდა. უხმაუროდ და ჩუმად გააკეთეთ ეს საქმეო... შრომატევადი იქნება ეს წამოწყება, ხარჯებიც დასჭირდება, ადგილის კეთილმოწყობა... მარტო თქვენ ამას ვერ გაწვდებითო... აიღო ყურმილი და დაუკავშირდა თენგიზ მენთეშაშვილს. გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები, მათ შორის, „საიდუმლოების" თაობაზე და შესთავაზა: მოდი, შენ ჩაუდექი სათავეში ამ იდეის განხორციელებას და ქალაქმა ყველა საკითხი მოაგვაროსო. შევარდნაძემ „გურული ეშმაკობა" მოიშველია: განათლების სამინისტრო და ვიქტორია სირაძე დაბეჯითებით ითხოვენ შენს ჩართვას ამ საქმეშიო...


გამომხედა და... იხუმრა, სანამ გადაუფიქრებია თანხმობა, მიდი მასთანო...


უმალ თენგიზს ვეახლე, ესკიზები მასაც ძალიან მოეწონა. და ძალიან გულწრფელად თქვა: ამაზე დიდ და კარგ საქმეს ჩვენ ვერასოდეს გავაკეთებთო...


იდეის განხორციელებას დრო დასჭირდა. საქმე წინ მიდიოდა... ელგუჯა ხვეწდა თავის „პირმშოს", „შეთქმულების" მონაწილენი საიდუმლოს ბეჯითად ვიცავდით.


14 აპრილის მოვლენების დროსაც კი არ გახმაურებულა არაფერი.


მენთეშაშვილმა ყველაფრით უზრუნველყო ძეგლის შექმნის და დადგმის პროცესი.


გურამ გაბუნია, ნელი გურგენიძე, ზაურ მესხიშვილი, შოთა ყავლაშვილი, ნუგზარ ენდელაძე, ჯემალ კუხალაშვილი, ნიკო ლეკიშვილი... ყველამ დადო თითო აგური ელგუჯა ამაშუკელის ამ შედევრის გაცოცხლებაზე.


და დადგა დღე, როცა ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად თბილისი დაამშვენა „დედა ენის" ძეგლმა.


მადლიერმა შთამომავლობამ უნდა იცოდეს „ვინ არის ვინ!" და როცა ამ საამაყო საქმეს ვიხსენებთ, ედუარდ შევარდნაძესა და ვიქტორია სირაძესთან ერთად მადლობით უნდა გავიხსენოთ კაცი, ვინც ბოლომდე უთავკაცა ამ დიდებულ მოვლენას.


P.S.: მისი პიროვნების დასახასიათებლად ერთი მრავლისმეტყველი ფაქტი, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს დღევანდელი თბილისის (და არამარტო დედაქალაქის) მესვეურთათვის. მოსკოვიდან ჩამოსვენებული თენგიზ მენთეშაშვილის ცხედარი პირდაპირ ქაშვეთის ტაძარში დაასვენეს. და აქედან გაუყენებენ საბოლოო გზას. იმ კაცს, რომელმაც თბილისისთვის მართლა რომ ბევრი გააკეთა, თავის მშობელ ქალაქში არ ჰქონდა... ბინა! აი, ამ ორიოდე დღის წინ კორუფციის ფაქტზე დაკავებულ ერთ-ერთი რაიონის „გამოჭყლეტილ" გამგებელს კი... აი, მისგან და მისნაირებისგან განსხვავებით თენგიზ მენთეშაშვილმა არ მისცა თავს უფლება, ჰქონოდა ორი (!!!) ბინა - მოსკოვსა და თბილისში!


ეს ისე, უბრალოდ!





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner