იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შოთა გეწაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ ეტაპზე არ შეთანხმებულა, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს, სანქციების გამკაცრების თუ სხვა მიმართულებით.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, ერთ-ერთი ალტერნატივა იყო ჯარიმა, ჩემი და საბჭოს წევრების პოზიციაა, რომ მოსამართლის შეურაცხყოფაზე რეგულაციები უნდა არსებობდეს და როგორი იქნება ეს რეგულაციები, ერთად უნდა მოვიფიქროთ", - განაცხადა შოთა გეწაძემ.
რაც შეეხება მოსამართლის შეურაცხყოფისთვის არსებულ სანქციების ფორმებს, რომელიც კანონში გაწერილია, გეწაძის თქმით, შეურაცხყოფისთვის სასამართლოში დავის გამართვა არაეფექტური გზაა.
„შეურაცხყოფის გამო, მოსამართლეს შეუძლია სასამართლოში სარჩელის შეტანა, მაგრამ როგორც წესი, ეს რთული და არაეფექტური გზაა. არაეფექტურში ვგულისხმობთ იმას, რომ პროცესი არის დროში გაწელილი. ამავე დროს მთავარი საკითხია მტკიცების ტვირთი, თუ მოსამართლეს დააბრალეს, რომ ცხოველია, მან უნდა ამტკიცოს, რომ არ არის ცხოველი. აქ მტკიცების ტვირთი სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს", - განაცხადა შოთა გეწაძემ.