ავტორი მარიამ პაიჭაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორთან" საუბარში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები შეაფასა. როგორც თავად აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა.
ხუნდაძე ასევე შეეხო მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს, კონსტიტუციაში შესატან შესაძლოცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს.
- რა რეფორმებია დაგეგმილი ჯანდაცვის სფეროში და ასევე, მიმდინარე რეფორმებს როგორ შეაფასებთ?
- მიუხედავად კრიტიკისა, ჯანდაცვა აგრძელებს წარმატებულ წინსვლას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა და მისი ეფექტურობის შენარჩუნებისათვის გარკვეული ცვლილებები შევიდა. იცით, რომ სოციალურად დაუცველთათვის მედიკამენტის კომპონენტი დაემატა. სოციალურად დაუცველი პირები, რომელთაც 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ, მედიკამენტებს, ფაქტობრივად, უფასოდ მიიღებენ. ეს არის იმის საშუალება, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადებების პრევენცია და მკურნალობა, რათა არ მოხდეს ისე, რომ ექიმთან მისვლის შემდეგ პაციენტმა მედიკამენტები ვერ შეიძინოს. განსაკუთრებით ისეთი დაავადებებისთვის, რომგორიც არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სასუნთქი სისტემის დაავადებები, ასევე ჰიპერტონიული დაავადებები, რომლისაგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი, ისევე, როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის. ფაქტობრივად, სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მონაცემებით პირველ ადგილზეა, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობის მხარდაჭერისათვის მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაამატა მედიკამენტების კომპონენტი. ჩამონათვალი იქნება ძალიან მალე და ინფორმაცია ექნებათ როგორც სამედიცინო საზოგადოებას, ასევე პაციენტებს. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი იქნება კონტროლის ქვეშ, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციითა და სერთიფიკატით. ასევე, მოხდება რეგიონალური შესყიდვა, რათა იყოს ფინანსურადაც ნაკლები ტვირთის მქონე და ამასთან ერთად, ხარისხობრივი მაჩვენებელი იყოს მაღალი. სიახლეა ისიც, რომ ჯანდაცვის პროგრამა მეტად დიფერენცირებული ხდება, ის პირები, ვისაც მეტად ესაჭიროებათ დახმარება, მეტ დახმარებას მიიღებენ - განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველები, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები და ა.შ. აქვე, ვფიქრობ, სამართლიანია, რომ წლიური 40 000 შემოსავლის მქონე პირთათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ იქნება ხელმისაწვდომი, რადგან მათ აქვთ საშუალება, საკუთარი ჯანმრთელობის მომსახურება თვითონ დააფინანსონ. კერძო სადაზღვევო პროგრამები მათ სთავაზობენ იმ პაკეტს, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სახელმწიფოს მხრიდან იყო შეთავაზებული. მისი ღირებულება არის დაახლოებით 25-27 ლარი, რაც ყოველდღიური დანახარჯის სახით შეადგენს 1 ლარზე ნაკლებს. ვფიქრობ, სამართლიანია დამოკიდებულება, როცა მაღალი შემოსავლის მქონე პირებს ექნებათ სოლიდარობის განცდა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის გაიღებენ იმ მინიმალურ დანახარჯს, რაც შეიძლება სოციალურად დაუცველებისთვის და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის მძიმე ფინანსური ტვირთი იყოს. ასე რომ, ჯანდაცვის პროგრამა ხდება მეტად დიფერენცირებული, ორიენტირებული მიზნობრივ ჯგუფებსა და საჭიროებებზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების კომპონენტი, რაც დღემდე პრობლემური იყო. მოსახლეობა 1 ივლისიდან ამ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან უწვეტად მიიღებს.
- აღნიშნული დაფინანსებამხოლოდ კონკრეტული დასახელების მედიკამენტებს შეეხება?
- ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რომელშიც მსოფლიოშიც და საქართველოშიც სიკვდილიანობის მაჩვენებელი არაგადამდებ დაავადებებს შორის საკმაოდ მაღალია. ამ შემთხვევაში იკვეთება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონიული, სასუნთქი სისტემის ობსტრუქციული დაავადებები, ასევე ენდოკრინული კუთხით პათოლოგიები. სწორედ ეს მიმართულებები იქნება დაფინანსებული, რისთვისაც მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს საკმაოდ დიდი დანახარჯის გაღება საკუთარი ჯიბიდან.
- მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი არის ინიცირებული პარლამენტში. ამ საკითხთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- სამწუხაროდ, ეს თემა ისევ აქტუალურია და სამწუხაროს ვარქმევ იმიტომ, რომ ამდენი საუბარი აღნიშნული საკითხის გარშემო, გარკვეულწილად უკვე პოპულარიზაციაა. განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც ცნობადი სახეები აკეთებენგანცხადებებს იმის შესახებ, თითქოს მარიხუანა არის უსაფრთხო. მინდა აღვნიშნო, რომ მარიხუანა ვერ იქნება უსაფრთხო, რადგან ის შედის ჰალუცინოგენების ჯგუფში. მისი მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას, ადეკვატური ქცევის მოშლას, ემოციურ ეგზალტაციას, დეპრესიას და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ თემის გარშემო საუბარს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რამეთუ იცით, რომ ახალგაზრდები თვალყურს ადევნებენ, ისმენენ, მათთვის შეიძლება საინტერესოც კი იყოს და ვიღაცისთვის წამახალისებელიც აღმოჩნდეს. გაერო-ს კონვენციით, მარიხუანა არის შეტანილი პირველ ჯგუფში, რაც ხაზს უსვამს არათუ მის უსაფრთხოებას, არამედ მის საშიშროებასაც კი. ამავე კონვენციით, ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ისეთი რეგულაციები, რითაც მოხდება არა მისი გავრცელება, არამედ პირიქით,მის მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება. მარიხუანას არის მაღალი დამოკიდებულების მქონე ნარკოტიკი. აშშ-ის სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემებს გამოვიყენებ და გეტყვით, რომ მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში 9% ხდება მასზე მყარად დამოკიდებული და მომხმარებელთა 30-35% გადადის მძიმე ნარკოტიკზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მარიხუანას შესაძენად ახალგაზრდებიდა არა მხოლოდ ისინი, ჩადიან ძალადობრივ თუ ქონებრივ დანაშაულს. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობრივი ზრდა პირდაპირპროპორციულად გამოიწვევს მისი გამსაღებლების რაოდენობის ზრდას. ვფიქრობ, რომ ასეთი თემები ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილოა.
- უნდა დავიჭიროთ თუ არა მარიხუანას მომხმარებელი?
- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ალტერნატიული სერვისები და ისეთი სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც მარიხუანას მოხმარების გავრცელებას ხელს არ შეუწყობს. 2015 წელს, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ წარადგინა ახლანდელის მსგავსი კანონპროექტი. მაშინ ამ კანონპროექტმა, ჩემდა სასიხარულოდ, მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ეს თემა ისევ აქტუალური ხდება. მესმის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ საჯარიმო სანქციები უნდა იყოს ადეკვატური. მაგალითად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის მიხედვით, რომელსაც თავიდან ბოლომდე მხარს ვუჭერ, საჯარიმო სანქცია არის, მართალია იურიდიული პირისათვის, მაგრამ 500 ლარი და ახალი შემოთავაზებული ინიციატივით, მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში საჯარიმო სანქცია 300 ლარია. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური და საჭიროებს დაზუსტებას. აქვე, მინდა შემოტანილი ინიციატივა გავაკრიტიკო, რადგან არ შეიძლება მარიხუანას საშიშროება აიწონოს მხოლოდ წონადობით. კანონპროქტში გათვალისწინებულია, რომ 70 გრამამდე პირადი მოხმარების შემთხვევაში კონკრეტულ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რაც ვფიქრობ, რომ არასწორია. ჯერ ერთი, 70 გრამი არის საკმაოდ დიდი ოდენობა. ეს არის დაახლოებით 30 ადამიანისათვის დღიური დოზა, რომ ის იყოს ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ასევე, მარიხუანაში ძირითადი ნარკოგენული მოქმედების ნივთიერება არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი,რომლის შემცველობაშესაძლოა იყოს სხვადასხვა. მაგალითად, 2000 წლამდე მისი შემცველობა ძირითადი მოქმედი ნივთიერების იყო 2-3% კონცენტრაციით. დღეს ევროპულ ბაზარზე უკვე არის მარიხუანა, რომელშიც მოქმედი ნივთიერება არის 10-12%-ის კონცენტრაციით. პიკური მაჩვენებელი შეიძლება იყოს 18%, მაგრამ სელექტიური გზით, შესაძლებელია მივიღოთ ისეთი მარიხუანა, რომელშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლი შეიძლება იყოს 35% შემცველობით. ასე რომ, ვფიქრობ, არასწორია, მარიხუანას საზოგადოებრივი საშიშროება ავწონოთ მხოლოდ გრამობით. თუ ჩვენ ამ სახის კანონს ვიღებთ, მინიმუმ კონცენტრაციის დონე უნდა იყოს ჩაწერილი, ესა თუ ის ოდენობა რა შემთხვევაში ააცილებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პირს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტში შემოტანილია კულტივაციისთემა, ანუ დასაშვებია, რომ ადამიანმა გარკვეულ ოდენობამდე დათესოს, მოიყვანოს და მოიხმაროს. ვფიქრობ, ეს საკითხი არასერიოზული და საფრთხის შემცველია და ასეთი რეგულაცია კანონიდან უნდა ამოვიღოთ. თუ ამ ტიპის შენიშვნები იქნება გათვალისწინებული, რასაც კატეგორიულად მოვითხოვ, მაშინ შესაძლოა, გარკვეული მხარდაჭერა ამ კანონპროექტმა მოიპოვოს პარლამენტში. დღეს კანონპროექტი შეჩერებულია, რადგან უმრავლესობაში არის აზრთა სხვადასხვაობა. მინდა, რომ ყველა ის პირი, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაფიქრდეს, გაითავისოს, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა. მითუმეტეს ისეთი ქვეყანა, რომელსაც აქვს სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები და ეს უპირატესად ეხება ახალგაზრდებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამართლებრივი რეგულაციები უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეამცირებს მარიხუანას მოხმარებას.არ მინდა, საქართველოში„დაბოლილ" და გაუგებარი ღიმილით მოსიარულეახალგაზრდებსვხედავდე.
- როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას?
- ეს იყო ძალიან აქტიური პროცესი და ასეთიც უნდა ყოფილიყო. მგონი, 2010 წელს იყო მსგავსი კომისია შექმნილი... საზოგადოებას არ გაუგია ამ კომისიის მსჯელობის თაობაზე და არც მხარდაჭერა ან პრეტენზია გამოუთქვამს არავის, რადგან მაშინდელი კომისია არ მუშაობდა. აბსოლუტურად ნორმალურია, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა. კონსტიტუციის კანონპროექტიგადამისამართდება ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიის შენიშვნები, რა თქმა უნდა, დიდწილად გათვალისწინებული იქნება. ამის შემდეგ, მოხდება გუნდში განხილვა, გამოვა საზოგადოებაში საჯარო განხილვისათვის და მიეცემა ის იურიდიული და სამართლებრივი გზა, რასაც გულისხმობს რეგლამენტი.
- შესაძლოა,პრეზიდენტისაყოველთაო არჩევნების ნაცვლად,საარჩევნო კოლეგიამ აირჩიოს...
- გვინდა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, პრეზიდენტის ბერკეტები შეზღუდულია და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დაუბალანსებელი რეგულაციები და უფლება-მოვალეობები, რომელიც შეიძლება ქაოსის საფუძველიც გახდეს. ამიტომ, ვფიქრობ, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს არაპირდაპირი გზით. ვთქვათ, საპარლამენტო რესპუბლიკაში ამ შეზღუდული უფლებებით პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს პირდაპირი არჩევნებით, რა საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს პრეზიდენტმა, როცა მისი ქმედება არის კონკრეტულად გაწერილი კონსტიტუციით, მისი უფლებები არის შეზღუდული, არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი? რა დაპირებები უნდა გასცეს ან შეასრულოს მან, როდესაც საზოგადოების წინაშე დადგება?
საზოგადოებას იმ ფორმით აწვდიან ინფორმაციას, თითქოს ხალხს ართმევენ რაღაცის უფლებას. როდესაც საქმეში ნაკლებად ჩახედულიადამიანიფიქრობს, რომ რაღაცას ართმევენ, მას წინააღმდეგობის გაწევის სურვილი უჩნდება. ამიტომ ჩვენ სწორად უნდა ავუხსნათ, რომ არა წართმევაზე, არამედ წესზეა საუბარი, რაც სასარგებლო იქნება ქვეყნისთვისაც. ის მაჩვენებლი, თითქოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი წინააღმდეგია, თემის სწორად მიწოდების შემთხვევაში შეიცვლება და მჯერა, რომ საზოგადოება სრულიად ლოგიკურად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანაში პრეზიდენტი უნდა აირჩეს არაპირდაპირი გზით.
- ასევე, შესაძლოა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და მხოლოდ პროპორციულზე გადავიდეს...
- მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს მაშინ, როდესაც თვითმმართველობები იქნება რეალურად თვითმმართველობები. თუ ჩვენ დღეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გადაწყვეტილებას მივიღებთ, მოგვიწევს უფრო აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ თვითმმართველობები ძალიან სწრაფად ჩამოვაყალიბოთ, როგორც რეალურად თვითმმართველობები.
- კონსტიტუციაში შესაძლოა ჩაიწეროს ოჯახის დეფინიცია. ეთანხმებით თუ არა ამას?
- ჩემი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში არის ერთმნიშვნელოვნად მკაცრი. არასამთავრობო სექტორის გარკვეულმა წარმომადგენლებმა საზოგადოებაში შექმნეს იმის შიში, რომ თეორიულად, მათი გაგებით, შესაძლოა, საქართველოში დადგეს ის დღე, როდესაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება. ეს შიში, ფაქტობრივად, საზოგადოებაში არსებობს. ამიტომ, საკონსტიტუციო დონეზე მკვეთრად უნდა განისაზღვროს დეფინიცია, რომელიც შიშის პრევენციას მოახდენს. რა თქმა უნდა, ვაღიარებ იმასაც, რომ გარკვეულ კანონებში არის გაწერილი და ამის საფრთხე რეალურად არ არსებობს, მაგრამ რადგან საზოგადოებაში ამის შიში გაჩნდა, მისი პრევენცია უნდა მოხდეს. მხარს ვუჭერ, რომ ოჯახის დეფინიცია კონსტიტუციაში მკაფიოდ განისაზღვროს.
- ვენეციის კომისიისგან გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით თუ ელოდებით შენიშვნებს?
- მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული შენიშვნები ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობს. გუნდი მზად არის ღია დისკუსიისათვის, ითვალისწინებს ვენეციის კომისიის შენიშვნებსაც, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, გუნდს ექნება კონსტიტუციის საბოლოო, ჩამოყალიბებული ვარიანტი და მჯერა, რომ ეს იქნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და არ იქნება ვინმეზე მორგებული.
- დიდგორის ომში გამარჯვების დღის დღესასწაულდ გამოცხადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა თურქეთის საელჩოს თხოვნით, აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე შეჩერებულია... როგორია თქვენი პოზიცია?
- ეს არის თემა, რომელიც პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა. რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გარკვეული პერიოდით ამ კანონპროექტის შეჩერება მოხდა. მე ვარ სწორედ იმ რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი, სადაც ყოველწლიურად ხდება დიდგორობის აღნიშვნა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ვფიქრობ, ეს არის არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ქართული ღირსების საკითხი, რომელიც დაცული იქნება და იქნება ბალანსი პოლიტიკას, ღირსებას, წარსულსა და ისტორიას შორის.
- თურქეთს შევეხეთ და აქვე, რეფერენდუმის შესახებ მინდა გკითხოთ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება მოახდინოს გავლენა მეზობელ სახელმწიფოში მოსალოდნელმა ცვლილებებმა საქართველოზე?
- საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი და გეოგრაფიული მეზობელი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, იყოს სტაბილური. მოვერიდები თურქეთის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევას, მაგრამ მჯერა, რომ თურქეთში სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება. რაიმე ტიპის ინციდენტებს არ ველოდები და დიდი ინტერესით ვუყურებ გამომდინარე ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან დაასევეიმიტომ, რომ ჩვენ ვართ გეოგრაფიული მეზობლები, კეთილმოსურნე პარტნიორები და ერთმანეთის შიდა სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.