სოხუმის ე.წ. მერმა მომავალი გეგმების შესახებ პროტოკოლს ერთ-ერთ იტალიურ ქალაქთან მოაწერა ხელი. ინფორმაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო უწყება Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
პროტოკოლის ხელმოწერა თვითმარქვია რესპუბლიკისა და იტალიის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციის ფარგლებში, ქალაქ ბარში შედგა.
„ამ პროტოკოლის ხელმოწერით, მხარეები თანამშრომლობასა და მეგობრული ურთიერთობების გამყარებაზე შეთანხმდნენ. ასევე, თანამშრომლობაზე კულტურისა და მეცნიერების სფეროში, ვაჭრობისა, ტურიზმის, ბიზნესისა და წარმოების განვითარებაზე. მხარეებმა პირობა დადეს, რომ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით გააგზავნიან ეკონომიკურ და სავაჭრო დელეგაციებს როგორც აფხაზეთში, ასევე იტალიაში. განსაკუთრებით კი კალაბრიის რეგიონში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.