დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ეკლესია დღეს წმიდათა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვებს იხსენებს.
წმინდა სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღდგა.
ამ დღეს ეკლესია, ასევე, მართალ იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოს იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს.