თურქეთში სახელმწიფო სამსახურებიდან კიდევ 4 ათასამდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
სახელმწიფო გაზეთ T.C. Resmi Gazete-ში გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, სამუშაო ადგილი იუსტიციის სამინისტროს 1127-მა თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის სამსახურის წევრებიც იყვნენ.
გაათავისუფლეს ასევე 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, სამეცნიერო სფეროს 484 წარმომადგენელი და რელიგიის საკითხების სამინისტროს 201 თანამშრომელი.
იმავე ბრძანების თანახმად, თურქეთის ხელისუფლებამ მაღალრეიტინგული სატელევიზიო შოუც აკრძალა, რომელიც პაემნებისა და გათხოვების შესახებ იყო.
„ტელევიზიასა და რადიოში დაუშვებელია ისეთი გადაცემის გაშვება, სადაც ადამიანებს ერთმანეთს აცნობენ, რათა მათ მეწყვილე შეურჩიონ", - ნათქვამია ბრძანებაში.