ავტორი სალომე უერთაშვილი
„ეს აქცია ხალხის რაოდენობაზე არ იყო გათვლილი, ეს იყო სამუშაო შეხვედრა", - ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორს" განუცხადა და დღეს დიდგორობის აღნიშვნასთან დაკავშირებით გამართული აქციის შესახებ ისაუბრა.
როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, აქციაზე რამდენიმე მოთხოვნა გაჟღერდა. მისივე თქმით, სასურველი იქნება, თუ ეს მოთხოვნები 15 მაისამდე შესრულდება ხელისუფლების მხრიდან, თუ არადა, დაიწყება მასობრივი შიმშილობის აქცია.
„აქციაზე გაჟღერდა რამდენიმე მოთხოვნა. პირველი: დიდგორობა აღინიშნოს როგორც სახელმწიფო დღესასწაული, მეორე: საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ჩაიწეროს მუხლი, რომლის მიხედვითაც, უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა აიკრძალება. ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ვენეციის კომისიამ უარყოფითი დასკვნა დადო ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვაზე.
15 მაისამდე ჩვენ ხელისუფლებას მოთხოვნა გავუგზავნეთ და მივეცით ვადა, რათა აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა მოხდეს. თუ 15 მაისამდე არ მიიღეს გადაწყვეტილება, დაიწყება მასობრივი შიმშილობის აქცია.
ზოგადად, ნებისმიერი პატრიოტი ადამიანისთვის, იქნება ეს ხელისუფლებაში, თუ მის გარეთ, მისაღები უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი", - აცხადებს ბრეგაძე.