გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსი - „სუფთა რეგიონი" დაიწყო. კონკურსის ნომინაციებია - „სუფთა ქალაქი"; „სუფთა მუნიციპალიტეტი", „სუფთა სოფელი", „სუფთა ქუჩა", „სუფთა ეზო". შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, მასშტაბური დასუფთავების კვირეული, სახელწოდებით „სუფთად ევროპისკენ", დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება. ერთი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
მისივე ინფორმაციით, კონკურსის ჩასატარებლად, მაისის პირველ ნახევარში კონკურსის კრიტერიუმები დაეგზავნება ყველა რეგიონს და აგრეთვე გავრცელდება სოციალური ქსელების საშუალებით; კვარტალურად შეფასდება ინდიკატორების მიხედვით რეგიონებიდან შემოსული ინფორმაცია; ოქტომბრის პირველ ნახევარში სრულად შეჯამდება რეგიონალური მონაცემები და გამოვლინდება გამარჯვებულები.
ოქტომბრის მეორე ნახევარში ნომინაციების მიხედვით დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.
კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო"; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა"; იუსტიციის სახლიდან საქართველოს რეგიონების 10 საზოგადოებრივ ცენტრში ტელეხიდი გაიმართა. გამგეობის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვისა და არალეგალური ნაგავსაყრელების თაობაზე პრეზენტაცია დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოისმინეს.