logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: „ჯიგარდამწვარი“ ქართველი წავიდა ჩემი სამეზობლოდან, ახლა ამერიკელ ჯონისთან უნდა ვიმეზობლო!
- +

30 აპრილი. 2017. 22:29


 

 

„ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ მიწა-წყალს. ჩვენ უნდა მივხდოთ საკუთარ სოფლებს. თუ მივხედავთ, მაშინ ვერც ვერავინ ჩამოსახლდება და ვერც ვერავინ იყიდის ჩვენს მიწას, ასერიგად რომ აშფოთებს ზოგიერთ „პატრიოტ" ქართველს! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს მიწას აუცილბლად დაეპატრონებიან გადამთიელი ეშმაკები!" - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს:

 

„კახეთში ვიყავი რამდენიმე დღე. რაღაცები კეთდება, რაღაცები შენდება, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ბიზნესის ელფერი დაჰკრავს. ეს მაინც არ არის ადგილობრივი წარმოება. დაშლილ-გაპარტახებული სახლები და აბალახებული ეზოები ისევ ბლომადაა!

 

სოფელში, ჩემს მეზობლად ამერიკელ ჯონი ვურდემანს (რომელიც წლების წინ ჩამოვიდა სიღნაღში და ქართველ ქალზე დაქორწინდა) სასტუმრო თუ რესტორანი აუშენებია, პირველ სართულზე ღვინის მარანი უნდა იყოს. კარგია, გემოვნებით გაუკეთებია. წინ ვენახებია, მარჯვნივ - სახნავ-სათესი ფართობები, სადაც ხან მზესუმზირას თესავს, ხან კიდევ ხორბალსა და ქერს, მარცხნივ - ქართველის მიერ მიტოვებული სახლ-კარია. არ გამიკვირდება და კარგიც იქნება, თუ ჯონი ამ მიტოვებულ სახლსაც იყიდის. მისი თავდაპირველი პატრონი, ვინც ააშენა და მშვენივრად მოაწყო, კოლმურნობის აგრონომი თუ ბრიგადირი იყო. როცა გარდაიცვალა, ყველაფერი მის ვაჟს დარჩა. ამ ვაჟმა ცოტა ხანს იტრიალა დანატოვარ კარ-მიდამოში, მაგრამ ერთ დღესაც აიკრა გუდა-ნაბადი და სადღაც წავიდა - ან თბილისში, ან რუსთავში. მას მერე სოფელში აღარაფერი სმენიათ მის შესახებ. წადი, კაცო, თუ წასვლა გინდა, ვერავინ დაგიშლის, მაგრამ წასულმაც შეიძლება მიხედო საკუთარ სახლსა და მიწას. თუ არ მიხედავ, მაშინ ნუღარ წუწუნებ და მოსთქვამ, ნუღარ აღვარღვარებ ყალბ ცრემლებს - არიქა, ჩემს მიწაზე უცხოტომელები სახლდებიანო!

 

მაგარი კაცი გამოდგა ამერიკელი ჯონი. ტურისტები ჩამოჰყავს და ქართულ ადათ-წესებს აცნობს. თავისი ვენახებიდან დაწურულ ღვინოს „ხოხბის ცრემლები" დაარქვა, თან სადღაც ყიდის, თან ტურისტებს ასმევს. ჯონი ფაქტობრივად ქართველია უკვე. სხვებიც გაქართველდებიან, არ არის პრობლემა, ოღონდ ეგაა - სამაგიეროდ ქართველი გადაჯიშდება, ან გაევროპელდება, ან გაამერიკელდბა, თუ არ გათურქდა და გაგვატემალელდა!

 

რაკი „ჯიგარდამწვარი" ქართველი წავიდა ჩემი სამეზობლოდან, ახლა ჩემი მეზობელი ამერიკელი ჯონია და მასთან უნდა ვიმეზობლო, ვიმეგობრო და ვინ იცის, იქნებ ვინათესავო კიდეც. სამწუხაროდ, ქართველი მხოლოდ „ფისბუკშიღა" მემეგობრება თუ მემეზობლება... თუმცა არ ვიცი, ახლა სად არის, თავის გვერდზე ხან „გერმანია" უწერია, ხან „საბერძნეთი", ხან კიდევ „შოტლანდია". ჰო, სადღაც შორიდან მწერს, რომ ქართული მიწები იყიდება, რომ ქართველობას გვართმევენ, რომ საქართველო იღუპება! მე არც ვეპასუხები და არც ვეწინააღმდეგები, რადგან აზრი არ აქვს, რადგან ის მტყვის, ოჯახს აქედან ვარჩენ და შენც მადლობა მითხარი, რომ ვარჩენო!

 

კახეთში ვიყავი-მთქი... სოფლის კაცებს ველაპარაკე: სკოლაში, რომელიც მე დავამთავრე (ჩემ დროს 1000 ბავშვი სწავლობდა), წლების წინ 600 მოწაფე ყოფილა, ხოლო დღეს - 150-ია. თითო კლასში 4-5 მოსწავლეაო. სოფელი მცირდება, მაგრამ სოფლის სასაფლაო ფართოვდება. იცით, რატომ? იქ მხოლოდ მხცოვანი ადამიანებიღა რჩებიან, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან!

 

ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, საკუთარ მიწა-წყალს უნდა მივხედოთ. საქართველოს ერთი თავიდან მეორე ბოლომდე სულ 5-6 საათის სავალია. გამოდის, 5-6 საათის სავალი ქვეყანა გვაქვს და სანახევროდ დაცარიელებული. გავიდეთ თბილისიდან... ნუ წავალთ, უბრალოდ გავიდეთ და რაღაცა გავაკეთოთ პარალელურად, ავაშენოთ, მოვხნათ, დავთესოთ, გავნიავდეთ, აზრზე მოვიდეთ, თორემ აუცილებლად მოვა სხვა (ინდოელი, თურქი, ირანელი, არაბი) და ის აუცილებლად გაიხარებს. ჩვენს მიწაზე თესლი შმთხვევით რომ დაგივარდეს, ამოდის და ნაყოფს ისხამს. ასეთი მიწა, ასეთი ქვეყანა იშვიათობაა დედამიწის ზურგზე, თითქმის არც კი არსებობს!

 

მიწას გვიყიდიანო! მიწას გვართმვენო! გამოდით პარლამენტის წინო! - გაისმის მოწოდებები „ფეისბუკში". რატომ პარლამენტის წინ და რატომ თბილისში? აბა, მაჩვენეთ, სად გვიყიდიან მიწას და იქ გამოვიდეთ! ამ დღეებში ისიც ითქვა, 50 ათასი ჰექტარი მიწაა გამზადებული გასაყიდადო. არ მჯერა, მაგრამ თუ ამდენია გამზადებული, თუ ამდენია თავისუფალი, მაშინ ვაი, შენ, ქართველო, მაშინ ღირსი ყოფილხარ, რომ გაგიყიდონ კი არა, გულზე დაგაყარონ!"- წერს ზედელაშვილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner