გამოცემა bm.ge Colliers International Georgia-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ახალაშენებულ ბინების საშუალო ფასებზე გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 7%-იანი კლებაა, ხოლო 2015 წელთან შედარებით დაახლოებით 6%-იანი კლებაა.
ორგანიზაციის შეფასებისა და კვლევის განყოფილების ძელმძღვანელის ნიკოლოზ ქევხიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქცია განხორციელდა.
„ფასებს რაც შეეხება, ამ მხრივ კლება გვაქვს. ყველაზე დიდი ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობა საბურთალოზე მოდის, რასაც ბაზრის დაახლოებით 22% უჭირავს. მას სამგორი, გლდანი და დიდი დიღომი მოყვება. ვაკე და მთაწმინდა რაოდენობრივად მცირე სეგმენტია და ფასებიც ამ უბნებში შედარებით მაღალია. დეველოპერული პროექტები, რომლებიც თბილისში ხორციელდება ძირითადად საბურთალოზეა სეგმენტირებული.
ახალაშენებულ ბინების საშუალო ფასებზე გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 7%-იანი კლებაა, ხოლო 2015 წელთან შედარებით დაახლოებით 6%-იანი კლება. ჩვენი ანალიზის მიხედვით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ფასების კლების მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი ფონი იყო. ასევე გავლენა ვალუტის კურსმაც იქონია. მნიშვნელოვანია უცხოეთიდან ფულადი გზავნილებიც. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელთან შედარებით ფულადი გზავნილების მცირედი ზრდა გვქონდა, წინა წლებთან შედარებით ეს მნიშვნელოვნად შემცირებულია. ზოგადად ახალაშენებულ ბინებზე უფრო მეტად შემცირდა ფასები, ვიდრე - ძველაშენებულ ბინებზე და ვფიქრობთ, რომ ეს ბუნებრივიც არის, რადგან დეველოპერები ბაზრის სუსტ სტიმულებზე უფრო სწრაფად ახდენენ რეაგირებას. მათ ფასების შემცირებით დააკომპენსირეს ის, რომ ტრანზაქციების რაოდენობა გაზარდეს. ფაქტიურად რაოდენობრივად და თანხობრივად ჯამური მოცულობით ზრდა იყო გასულ წელსაც და მიმდინარე წლის დასაწყისშიც", - განმარტა ნიკოლოზ ქევხიშვილმა.
წყარო: bm.ge