logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკის შურაცხმყოფელი ფოტოსთვის აშშ-ში პოლონეთის კონსული მოხსნეს
- +

1 მაისი. 2017. 00:55



პოლონეთის საპატიო კონსულს ოჰაიოს შტატში მარია სზონერტ-ბინიენდას უფლებამოსილება შეუწყდა. ამის მიზეზი ბინიენდას Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოა, რომელზეც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შუცშტაფელის ფორმა აცვია. ინფორმაციას Radio Poland ავრცელებს.


ბინიენდასთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ მიიღო.


მარია სზონერტ-ბინიენდას განცხადებით, მას Facebook გაუტეხეს, აღნიშნული ფოტოც სწორედ უცნობმა პირებმა დადეს და არა მან. მისი თქმით, ის ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებისა და ადამიანების ჰიტლერისთვის შედარების წინააღმდეგია.


რაც შეეხება სოციალური ქსელის ანგარიშის გატეხვას, სზონერტ-ბინიენდას მიაჩნია, რომ ეს „სმოლენსკის საქმესთან" არის დაკავშირებული, რომლის საგამოძიებო კომისიაშიც მისი მეუღლეა ჩართული.



მარია სზონერტ-ბინიენდას Facebook-ზე აღნიშნული ფოტო აღარ იძებნება. სამაგიროდ პოსტი შეინახა ტუსკის თანაპარტიელმა ანა ვოჟტუნიკმა.

 



2010 წლის 10 აპრილს თვითმფრინავმა Ту-154-მა, რომელიც რუსეთში, სმოლენსკში ჩამოვარდა, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ბორტზე მყოფი 95 ადამიანი იმსხვერპლა. ამ საქმესთან დაკავშირებით, პოლონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი 19 აპრილს დაიკითხა. პოლონელების 75 %-ს მიაჩნია, რომ ტუსკის კაბინეტს რუსეთისთვის ავიაკატასტროფის პირველადი გამოძიების ჩატარების უფლება არ უნდა მიეცა.


დონალდ ტუსკი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერია. ის, ოფიციალური ვარშავის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით მარტის დასაწყისში აირჩიეს. ის პოლონეთის პრემიერი 2007-2014 წლებში იყო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner