პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ომბუდსმენის, უჩა ნანუაშვილის მოხსენებაში რელიგიურ უმცირესეობებთან დაკავშირებით აღნიშნულ განცხადებას საგანგაშოს უწოდებს:
"მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს"- უჩა ნანუაშვილი.
ეს გაურკვეველი წარმოშობის სუბიექტი ჩვენი შვილების ექსკურსიაზე ტაძრებში წაყვანის აკრძალვას ითხოვს,სანთლის დანთებას და ლოცვას უკრძალავს. როდესაც ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს და არაბული წარწერები მიაწერეს მივმართე ხმა ამოეღო, როდესაც პატრიარქს ქვეყნის მტერი უწოდა ჰომოსექსუალთა ლიდერმა მივმართე ხმა ამოეღო, როდესაც მართლმადიდებლებს თავს დაესხენ მივმართე ხმა ამოეღო, მაგრამ არცერთხელ ხმა არ ამოუღია და მართლმადიდებელთა ინტერესები არ დაუცვია. პირდაპირ ვიტყვი,რომ ეს სუბიექტი სახალხო დამცველი კი არა, არამედ პროვოკატორი და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია. იმდენად მზაკვარი პროვოკატორია, რომ ცდილობს რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები წარმოშვას, ხოლო შემდეგ ყოველივე ეკლესიას დააბრალოს. აღმსარებლობით სექტანტია და თავისი ოდიოზური სექტის ინტერესებს ემსახურება. თითოეული დღე მისი ყოფნისა სახალხო დამცველის პოსტზე არის სერიოზული საფრთხის შემცველი, ხოლო მისმა ბრძოლამ მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ ამაზრზენი ხასიათი მიიღო.
ვფიქრობ საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და მოვითხოვოთ ამ სუბიექტის გადაყენება სახალხო დამცველის პოსტიდან. მართლმადიდებლობის და ქართველობის მოძულეს არაფერი ესაქმება ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს ინციატივას და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე!!"- წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
„საანგარიშო პერიოდში კვლავაც მწვავე და სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და დისკრიმინაციულ და შეუწყნარებელ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.
რელიგიური უმცირესობები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრებში აცხადებენ, რომ მიუხედავად კანონის მკაფიო მოთხოვნებისა, საჯარო სკოლებში მოსწავლეები სისტემატურად ხდებიან შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, ილახება მათი რელიგიის თავისუფლება: მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს, გაკვეთილები იწყება ლოცვით, პედაგოგები დომინანტი რელიგიის უპირატესობას უსვამენ ხაზს, აკნინებენ უმცირესობათა აღმსარებლობას, ეწევიან პროზელიტიზმს, არის ინდოქტრინაციის შემთხვევები და სხვ. რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები, რომელთა რწმენას არსებითად ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის რიტუალებში მონაწილეობა, ხშირად იძულებულნი ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა და ნების წინააღმდეგ ჩაებან მსგავს ღონისძიებებში იმ მოტივაციით, რომ ამით უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასევე კრძალავს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსებას, საკლასო ოთახებსა და ზოგადად, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კანონის ეს მოთხოვნა, როგორც წესი, არ არის დაცული. მაგრამ, ყოველივე ამასთან ერთად, პრობლემას ის გარემოებაც აღრმავებს, რომ უმცირესობები უმეტესწილად ერიდებიან ღიად და კონკრეტულად ისაუბრონ სკოლებში არადომონანტური აღმსარებლობის მოსწავლეებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობისა და უფლებაშელახვის ფაქტებზე", - აღნიშნულია სახალხოდ ამცველის ანგარიშში.