2013 წელს გამოვიდა ფოლკერ ულრიხის ბიოგრაფიული წიგნი „ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებისკენ სვლა", სადაც კარგადაა ნაჩვენები ფიურერის პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრების დეტალები. მაშინ, როცა ჰიტლერსა და ტრამპს შორის პარალელებს მედიაში გამუდმებით ავლებენ და საუბრობენ მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე, მათთვის ეს წიგნი მნიშვნელოვანი დასაყრდენია.
ორ ლიდერს შორის მსგავსებები მართლაც ცხადია. როგორც ჰიტლერი, ისე ტრამპი საკუთარ ქვეყანას „დამარცხებულს" უწოდებს და ისინი მოსახლეობას საკუთარ თავს სთავაზობენ, როგორც გადარჩენის ერთადერთ საშუალებას. ჰიტლერი მოსახლეობას გერმანიის „გადარჩენას" ჰპირდება, ტრამპი კი ამერიკას - „ძველი დიდების" დაბრუნებას. ორივე მათგანი საკუთარი თამაშის წესების დამკვიდრებას ცდილობს. ორივე აკრიტიკებს „გაბატონებულ" პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ორივე „მტრების" მიმართ მუდმივ უკმაყოფილებას გამოხატავს (ჰიტლერი ებრაელთა, ხოლო ტრამპი მექსიკელთა მიმართ). ორივემ დიდი მოგება ნახა იმით, რომ ექსპერტები მათ სერიოზულად არ აღიქვამდნენ,
აშკარა მსგავსებების გარდა ბევრია კონტრასტული განსხვავებებიც. ადოლფ ჰიტლერი ავტობიოგრაფიულ წიგნში „ჩემი ბრძოლა", წერს, რომ იგი ბავშვობაში სიღატაკეს განიცდიდა. ფოლკერ ულრიხს თუ დავუჯერებთ, ჰიტლერი მშობლების გარდაცვალების შემდეგ, როგორც ობოლი, ყოველთვის იღებდა შემწეობებს და ამასთანავე მას ცოტაოდენი მემკვიდრეობაც ხვდა წილად. როცა ეს მარაგიც ამოეწურა, მან საკუთარი ნახატების გაყიდვაც დაიწყო, გამოსცადა უსახლკარობა. 25 წლის ჰიტლერს არ ჰქონდა განათლება და არც მუშაობის გამოცდილება. თითქოს არ გააჩნდა არანაირი პერსპექტივა ცხოვრებაში.
რადიკალურად განსხვავებულია ტრამპის მდგომარეობა. ის ძვირადღირებულ და პრესტიჟულ სკოლებში სწავლობდა. მან ბიზნესსამყაროშიც თამამად შეაბიჯა მამის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით.
ჰიტლერმა მნიშვნელოვანი პიროვნული გამოცდილება პირველ მსოფლიო ომში მიიღო. იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე და რამდენჯერმე სიკვდილსაც გადაურჩა. სწორედ ფრონტის წინა ხაზზე გაიგო მეგობრობის ფასი და ამ ომში მისი ერთადერთი ტრაგედია გერმანიის დამარცხება იყო.
ტრამპისთვის კი ვიეტნამის ომი მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტი იყო.ოთხჯერ მოახერხა, თავი აერიდებინა სამხედრო სამსახურისთვის, რათა სწავლა დაესრულებინა. მოგვიანებით, იგი სამხედრო სამსახურიდან სულაც გაათავისუფლეს სამედიცინო დასკვნის საფუძველზე.
ულრიხი ჰიტლერზე წერისას თავს იკავებს ისეთი ბრალდებისგან, როგორიცაა ფარული ჰომოსექსუალიზმი ან გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები, რაც თითქოს გახდა ებრაელებისადმი ზიზღის მაპროვოცირებელი ფაქტორი. ავტორის აზრით, ჰიტლერი ვაჟიშვილი იყო პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე. თუმცა ამის შემდეგაც არ დადიოდა ბორდელში მეგობრებთან ერთად და არ საუბრობდა ქალებთან უერთიერთობაზე. მისი საყვარელი ევა ბრაუნი კი ისე იქცეოდა, რომ თავი წარმოეჩინა, როგორც ჰიტლერის მხოლოდ საქმიან და არა სექსუალურ პარტნიორად.
ტრამპი კი საკუთარი მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებითა და სამი ულამაზესი ცოლით ტრაბახობს. სექსუალური თავდასხმებითაც გამოირჩევა, თუმცა ამისათვის არასდროს დასჯილა. მისი მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ აგორებულ სკანდალს კი მან შავი პიარი უწოდა.
მაშინ როცა ჰიტლერი არასოდეს ამჟღავნებდა საკუთარ ქონებრივ მიღწევებსა და საკუთრებებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ვილები და უყვარდა საკუთარი „მერსედესი", ტრამპი ყოველთვის ხაზს უსვამდა საკუთარ სიმდიდრეს და არასოდეს მალავდა მას. იგი ყოველთვის ტრაბახობდა ბიზნეს და პოლიტიკური წარმატებებით.