„მეუფე იაკობი უნდა განეიტრალებულიყო. მისი მკვლელობაც უნდა მომხდარიყო და მამა დავით ჭინჭარაულისაც", - ედიშერ ქარჩავას ამ განცხადებას, რომელიც გადაცემა „რეაქციაში" გაჟღერდა, „ახალი თაობა" გვთავაზობს და ე.წ. „ციანიდის საქმის" დეტალების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ მინდა და ამიტომ არავის არ დავადებ ხელს. ვთქვათ, იქს პიროვნებისთვის, რომელიც ამ დანაშაულის ჩადენას აპირებდა და მისთვის შორენა თეთრუაშვილი იყო დამაბრკოლებელი გარემოება და მისი განეიტრალება უნდოდა, ეს არ იყო საკმარისი მიზნის მისაღწევად. მასთან ერთად მინიმუმ 2 პიროვნება უნდა განეიტრალებულიყო.
ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ პროკურატურის დასკვნაში რაღაც წერია, მაგრამ, ვიმეორებ, მხოლოდ შორენას მკვლელობა არ იქნებოდა საკმარისი. მას ხომ ჰყავს გარემოცვა და არც ისეა საქმე, რომ ყველაფერი მარტო შორენა თეთრუაშვილია.
მამა გიორგი ჩვენთვის უცხო არ არის და ეს არის დიდი დარტყმა ეკლესიისთვის. მე შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ თუ ის ბრალდება, რომელიც არის მამა გიორგის მიმართ, დადასტურდება, მე საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ მასთან ერთად მინიმუმ ერთი ან ორი პიროვნება აუცილებლად იყო", - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.