რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „იმედში" ახალი გადაცემები გამოჩნდება, ძველი გადაცემების ნაწილი კი გადახალისდება და დაიხვეწება.
ცვლილებებია „იმედის დილაში". როგორც ცნობილი გახდა, მისი წამყვანი ჟურნალისტი გოდერძი შარაშია იქნება, ასევე ოთარ ტატიშვილი და ნუცა ქავთარაძე. გადაცემას წამყვანების ორი ჯგუფი ეყოლება, თუმცა დანარჩენი წამყვანების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ „იმედის დილასთან" დაკავშირებით „პრაიმტაიმს" კომენტარი მისცა და აღნიშნა, რომ გადაცემას ახალი რუბრიკა „ერთი დღე ისტორიაში" დაემატება.
„ორშაბათიდან „იმედის დილა" განახლებული ფორმატითა და სტუდიით გავა ეთერში. მაყურებელს ბევრი სიახლე ელოდება. „იმედის დილა" უფრო ინფორმაციული და ნიუსზე ორიენტირებული გახდება, თუმცა რა თქმა უნდა, გართობაც იქნება. ჩვენ ყველა იმ განწყობას შევუქმნით მაყურებელს, რომელიც დილისთვის სჭირდება. იქნება სიახლეები რუბრიკებშიც. ერთი შემიძლია გაგიმხილოთ, რომ გადაცემას დაემატება რუბრიკა - „ერთი დღე ისტორიაში", - აცხადებს შარაშია.