logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: როცა ასეთი ადამიანები არსებობენ, დედამიწაც დახვეწილად ტრიალებს...
- +

3 აპრილი. 2016. 12:31



გთავაზობთ ლელა ანჯაფარიძის facebook-პოსტს:



დღეს დილიდანვე „ბახტრიონელი" ლელასავით გავმაგრდი ნახალოვკის აღმართზე, კოშკში, რადგანაც ყველა სუბსარქისზე სუბსარქისული სუბსარქისი გამოაცხადეს. ყოველი შემთხვევისთვის, მარჯვენა ფეხი მივიბი, წელზე შალი შემოვიხვიე... მაგრამ, მართალი რომ გითხრათ, დღეს არაფრის არ მეშინია, რადგანაც...

ზუსტად ამ დღეს... 1948 წლის 3 აპრილს, ლიტვის ულამაზეს ქალაქ კაუნასში დაიბადა უკრაინელი ილია მურომეცი, დობრინია ნიკიტიჩი და ალიოშა პოპოვიჩი ერთად აღებული, საოცარი კაცი, ვალენტინ დიკული.

დაბადებისას, მისი წონა ოდნავ აღემატებოდა 1 კილოგრამს, მაგრამ სასწაულად გადარჩა... 2 წლის იყო, მამა რომ მოუკლეს ბანდიტებმა, 3 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, 5 წლის ვალენტინმა კი გამზრდელი ბებია და ბაბუა დაკარგა და ბავშვთა სახლში ჩააბარეს, 9 წლის იყო, როდესაც პირველად ნახა საცირკო წარმოდგენა და ისე შეეხვეწა ცირკის დირექტორს, რომ მან უარი ვერ უთხრა და სამსახურში აიყვანა. დიდი ოლეგ პოპოვი ხუმრობდა , „თეატრისგან განსხვავებით, ცირკი საკიდით კი არა, დიდი სპილოს სადგომით იწყება, რომელიც დღეში რამდენჯერმე უნდა გაწმინდო"...  პატარა ვალენტინი სადგომებსაც წმენდდა, შენობასაც ალაგებდა და მანეჟსაც აწკრიალებდა, მაგრამ ნელ-ნელა ეუფლებოდა ჟინგლიორობას, აკრობატიკას, ეკვილიბრს, იგონებდა ფოკუსებს, განსაკუთრებით კი კარგად გამოდიოდა სიმძიმეების აწევა. 16 წლის იყო, როდესაც დაიწყო გამოსვლა თავისი მოგონილი ნომრით, 13 მეტრსიმაღლეზე, მაგრამ ერთერთ წარმოდგენაზე, რკინის კონსტრუქციამ უღალატა, ლოდჟა არ ეკეთა და ჩამოვარდა... არავის არ ეგონა, რომ გადარჩებოდა... რადგანაც წელის არეში ხერხემალი ქონდა გადატეხილი... რამდენიმე კვირა რეანიმაციაში იწვა და ექიმებმა გამოუტანეს განაჩენი: ვერ გაივლიდა.

აი აქ კი, ის, არც თუ ისე ხშირი მომენტი დგება, როცა აღარ ვამბობ „რად არ მოვედი იადა..." და მიხარია და ვამაყობ, რომ ადამიანად მოვედი... წარმოიდგინეთ, ეს უპატრონო ბიჭი არ დაეცა სულიერად, დაიწყო ვარჯიში, დღეში 5-6 საათის განმავლობაში, და თან კითხულობდა სამედიცინო ლიტერატურას. დასაწყისში ვერანაირ შედეგებს ვერ მიაღწია, ექიმებს ეცოდებოდათ და თხოვდნენ, თავი დაენებებინა უაზრო წვალებისთვის, რადგანაც ვარჯიშების შემდეგ საშინელი ტკივილები ქონდა და შედეგს მაინც ვერ მიაღწევდა... ის კი დატვირთვას იმატებდა, არ ქონდა სახსრები შეეძინა სპეციალური დანადგარები და თვითონ იგონებდა კონსტრუქციებს, ცირკის მეგობრები კი უწყობდნენ საოცარ ტრენაჟორებს, რომლებიც გავა წლები და მთელ მსოფლიოში გახდება ცნობილი. ისევე, როგორც მისი უნიკალური მეთოდიკა.

 

 

ზუსტად 8 თვეში, დიკული საავადმყოფოდან გამოწერეს 1 ჯგუფის ინვალიდის დასკვნით... როგორც ყვებიან, აცილებდა მთელი საავადმყოფოს პერსონალი, მქუხარე ტაშით და პირიქით, აქეთ ჩუქნიდნენ ყვავილებს... როდესაც დიკულს ეკითხებიან, როგორ მოახერხა ფეხზე ადგომა და სრული რეაბილიტაცია, მარტივად ხსნის : „საკუთარ თავს ვუთხარი, მე ამას გავაკეთებ, მე გავივლი!"... ამას ყოველთვის ახალი შეკითხვა მოყვება: „:და მერე?", რაზეც დიკული მორცხვად ჩაიცინებს, როგორც იცის ხოლმე და პასუხობს: „მერე... გავაკეთე".

აქ ისედაც უკვე ლამაზი ისტორია არ სრულდება... გარდა იმისა, რომ დიკულმა გაიარა, ის დაუბრუნდა საცირკო არენას როგორც ძალოვანი ტრიუკების შემსრულებელი, თანაც, სიმძიმეებს არენაზე სხვასავაგრესიულად, თვალების ბრიალით, კუნთების ტრიალით და და დემონსტრაციული ქოშინით კი არ ასრულებდა,  „იოლად" და იუმორით წევდა შტანგებს, ქალებს, მანქანებს, ერთერთში მისი ძმაკაცი იური ნიკულინიც კი იჯდა და ნომრის შემდეგ განაცხადა: „პეპელა ვყოფილვარ და არ ვიცოდიო".

 

 

მთავარი კი ის არის, რომ დიკულმა, გამოჯანმრთელების შემდეგ, დაიწყო თავისი აღდგენითი მეთოდიკის განვითარება, თავიდან სწავლა, გამოცდების ჩაბარება და საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე, ეხმარება ადამიანებს, ვისაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. დღეს დიკულის უკვე მსოფლიოში აპრობირებული და აღიარებული მეთოდიკის საფუძველზე, მხოლოდ მოსკოვშია  4 სამკურნალო-სარეაბილიტაციოცენტრია გახსნილი. ასევე პოლონეთში, ისრაელში, გერმანიასა და აშშ-ში. დიკული ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, „კოსმოსურ მედიცინაში განსაკუთრებული წვლილისთვის", მინიჭებული აქვს იური გაგარინის ოქროს მედალი, „მეცნიერებასა და განათლების სფეროში განსაკუთრებული წარმატებებისთვის" კი, მიხაილო ლომონოსოვის პრემია, აგრეთვე ლუდვიგ ნობელის საპატიო პრემიის ლაურეატია, რომელიც თავის დროზე გადასცეს ს.კაპიცას, ნ.ტერეშკოვას, ვ,ვასილიევს.მ.როსტროპოვიჩს, ე.რიაზანოვს , ნატალია სოლჟრნიცინას (მაგის ხასიათი კი მოგეხსენებათ, ღირსეული ჯილდო რომ არ ყოფილიყო, ცოცხალი თავით არ მიიღებდა)))

დიკული დღესაც პირადად იღებს პაციენტების მაქსიმალურ რაოდენობას, მათ შორის, აბსოლუტურად უიმედოებს, ვიზეც ყველამ ხელი ჩაიქნია...ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამას აკეთებდა საერთოდ ანაზღაურების გარეშე და სხვათაშორის, დღეს შედის იმ ექიმთა ძალიან მცირერიცხოვან არმიაში, რომლებიც დონ-კიხოტებივით დადიან ინსტანციიდან ინასტანციაში და ითხოვენ გარკვეული სახის ავადმოფებისათვის მაინც, უფასო მედიცინის დაბრუნებას.

 

 

ვალენტინ დიკულს 68 წელი უსრულდება... გასულ წელს, არენაზე გამოსვლა უნდოდა და ტრავმა მიიღო, მაგრამ თავის გადაწყვეტილებაზე უარი არ უთქვამს, დღესაც 205 კილოგრამიანი შტანგით ვარჯიშობს... ყავს მშვენიერი მეუღლე და პატარა ვაჟი....მის ახლობლებს მასზე საუბარი არ უყვართ და თხოვნაზე, მოყვნენ მასზე რამე, უბრალოდ ამბობენ: „ნუ, დიკულია, რა!"

 

 

 

გილოცავთ დღევანდელ ქარიან, მაგრამ იმედიან დღეს, რადგანაც როცა ასეთი ადამიანები არსებობენ, ლამაზად და ფრთხილად დადიან და სუნთქავენ... ეს დედამიწაც განსაკუთრებით დახვეწილად და გამართულად ტრიალებს და ბრუნავს!", - წერს ანჯაფარიძე.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner