logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: თბილისის ცენტრში კოლგოტების დახლი არ დაიდგმება!
- +

2 მაისი. 2017. 21:08


 

თბილისის მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში ოთარ აბესაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარ ხეებთან დაკავშირებით გავრცელებურ ინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.


აბესაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა გარევაჭრობის აკრძალვასა და ქვეითი ინსპექტორების შესახებ და ორივე პროექტი დადებითად შეაფასა.

 

- ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარ ხეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე რა შეგიძლიათ თქვათ? შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია?


- ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ეს არის კერძო საკუთრება, რომელიც ეკუთვნის „ლისი დეველოპმენტს". ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირია ხანძრის გაჩენის ფაქტები. ყველაზე დიდი ხანძარი ამ ტერიტორიაზე იყო 2012 წლის აგვისტოს, როდესაც 8 ჰექტარზე მეტი მიწა დაიწვა. შემდეგ იყო 2016 წლის მაისში. აქედან გამომდინარე, მოხდა ბუნების გარკვეულწილად შელახვა. მაგრამ, თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ძალიან დიდი ძალისხმევით გადარჩა და სიცოცხლე შეუნარჩუნდა აბსოლუტურად ყველა ხეს. შესაბამისად, ყოველგვარ აზრს მოკლებულია ის ინფორმაცია, რომ თითქოს ამ ტერიტორიაზე ხდება განაშენება და ამ მიზნით, ვერაგულად ხდება გარკვეული ტიპის ხეების დაზიანება. ეს არის ტყუილი. თავად აღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც ფლობს ამ მიწის ნაკვეთს, დაადასტურა, რომ არანაირი ტიპის მშენებლობა არ იგეგმება. მე, როგორც თბილისის მერიის წარმომადგენელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარიც კი არ ყოფილა არასდროს. შესაბამისად, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი და ჟონგლიორობა.


თუ არის ხეები დაზიანებული, ეს გამოიწვია ხანძარმა. თუკი საქმე გვაქვს რაიმე ვანდალურ აქტთან, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ბოლო პერიოდში ჩაიდინეს, ამას გამოძიება დაადგენს. მაგრამ, ის აღვირახსნილი ტყუილი და პოპულიზმი, რასაც აკეთებს ლევან ხაბეიშვილი და მისი პოლიტიკური პარტია, არის მხოლოდ და მხოლოდ გამიზნული იმისთვის, რომ ძალიან მალე საქართველოში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის ტყუილი და „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს".


რომელიმე ხე განადგურდა? კოლოსალური თანხები დაიხარჯა იმისთვის, რომ თითოეულ ხეს სიცოცხლე შენარჩუნებოდა.


თუ ასე შესტკივათ გული საკუთარი ქალაქის გამწვანებაზე, ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს. ყველას შეუძლია იყიდოს ან ითხოვოს ბარი, თბილისის გარშემო ძალიან ბევრი ლოკაციაა, სადაც ხეების დარგვაა შესაძლებელი და დარგან ხეები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ!

 

-  გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს პროექტი?


- ეს გახლავთ დედაქალაქის ცხოვრებაში ყველაზე უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც უმტკივნეულოდ და ჯანსაღად ხორციელდება მსაგვსი ტიპის პროექტი.


სხვადასხვა ლოკაციაზე ენით აღუწერელი ანტისანიტარია იყო, რომელიც აზიანებდა როგორც მყიდველს, ასევე დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესებს. მეტრო „მარჯანიშვილის" წინ, თბილისის ცენტრალურ უბანში დახლი არ უნდა იყოს, ამაზე ვთანხმდებით ყველა, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. ჩვენც ვცდილობთ, თბილისი იყოს ევროპული დედაქალაქი.


რაც შეეხება მოვაჭრეებს, ჩვენ მათ ბედის ანაბარა არ ვტოვებთ, პირიქით მოლაპარაკება გვქონდა საქართველოს ბაზრობათა ასოციაციასთან, აბსოლუტურად ყველა გარემოვაჭრე დაკმაყოფილებულია სავაჭრო ადგილით. პირველი ექვსი თვის განმავლობაში მათ თანხის გადახდა არ უწევთ, შემდეგ კი, როგორც ყველა მოვაჭრე, გადაიხდიან თავიანთ საიჯარო გადასახადს.


უკანონო გარევაჭრობა პრობლემა იყო იმ მოვაჭრეებისთვის, რომლებიც კანონის სრული დაცვით იხდიან გადასახადებს. აუცილებლად უნდა იყოს თანაბარი კონკურენტული პირობები, გარევაჭრობის შემთხვევაში კი, ვიღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მარჯანშვილის მოედანზე აქვს დახლი, რაც ყველანაირ ნორმას ეწინააღმდეგება. ლუკმაპურის გარეშე არავის ვტოვებთ. სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მათ ექნებათ შესაბამისი ინვენტარი.


ზოგადად, ახლა ყველაფერში პოლიტიკას ხედავენ, ეს მარაზმია უკვე და ამაზე საუბარი სასაცილოა. ქალაქის, მოსახლეობის, თვითონ მოვაჭრეების ინტერესების დაცვა ცუდია? ბოდიში ყველასთან, მაგრამ თბილისის ცენტრში კოლგოტების დახლი არ დაიდგმება!


- მოვაჭრეებს ექვსი თვის განმავლობაში გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, თუმცა შემდგომ კი. გარემოვაჭრეებს აქამდე არავისთვის არ უწევდათ იჯარის გადახდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ვნებათაღელვის ჩავლის შემდეგ გარემოვაჭრეები ისევ გამოჩნდებიან ქუჩებში? 


- აბსოლუტურად ვერავინ გამოვა გარევაჭრობისთვის გარეთ. ეს ყველაფერი კანონით მკაცრად დარეგულირდება. ბიზნესს და ვაჭრობას თავისი წესები აქვს.


კიდევ ერთხელ ვიძახი, თბილისის ცენტრში კოლგოტების დახლი არ დაიდგმება. ეს არასოდეს მოხდება. თბილისი საქართველოს დედაქალაქია, ევროპული ქალაქია და პრეტენზია გვაქვს, ვიყოთ 21-ე საუკუნის ტიპიური დედაქალაქი, შესაბამისად აქ ვაჭრობას, ბიზნესს, წარმოებას, ნებისმიერ საქმიანობას თავისი წესები აქვს. სახელმწიფოს წესი არის შემდეგი: ქალაქი უნდა იყოს სუფთა, სანიტარია უნდა იყოს უმაღლეს დონეზე, ვაჭრობა უნდა ხორციელდებოდეს სავაჭრო ადგილებში.


რა გვინდა ჩვენ? - ჩვენ გვინდა ქალაქი, რომელიც იქნება ცივილიზებული.


- ქვეითი ინსპექტორები თბილისის ქუჩებში გამოჩნდნენ, რამდენად მისაღებია მსგავსი პროექტი თქვენთვის?



- ეს ძალიან კარგია. ზოგადად, ბაზრის პრინციპი არის ძალიან მარტივი, როდესაც არის მოთხოვნა, ხდება მიწოდებაც. იყო მოთხოვნა, რომ ყოფილიყო ინსპექტორი, რომელიც ადამიანს ნაგვის დაყრაზე დააჯარიმებდა. ე.ი. ქალაქში ამის უდიდესი პრობლემა იყო.


მინდა, ყველა მოქალაქეს მივმართო, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენი მოსავლელია. თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ინტერესის სფეროს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ქალაქი იყოს სუფთა.


საერთოდ, ვფიქრობ, ძალიან მალე, მოქალაქეების თვითშეგნება მივა იმ დონეზე, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ იქნება.


- მოსახლეობა ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენებას ითხოვს... ეთანხმებით თუ არა ამ მოთხოვნას?


- ზოგადად, ქალაქში რაც მეტი რეკრეაციული ზონა იქნება, მით უკეთესი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს კერძო ტერიტორიაა. არ მინდა, იურიდიულ დავაში შევიდე, ვინაიდან მას თავისი ნორმები და ჩარჩოები აქვს, ამას აუიცილებალდ მოჰყვება განხილვები. მე ვერ ვხედავ პრობლემას, თუ მაგ ტერიტორიაზე იქნება სკვერი. საუბარია კერძო საკუთრებასა და სახელმწიფო ინტერესზე, ყველაფერი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს.


- დიდგორის დღის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით რას იტყვით? უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა თურქეთის საელჩოს თხოვნა?



- დიდგორის ომი ეს არის ჩვენი ეროვნული სიამაყე, თუმცა, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი და შესაბამისი ორგანო, მე ვერაფერს ვიტყვი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner